Amazon-მა პირველი ფერადი ელექტრონული წიგნი გამოუშვა

Amazon-მა ელექტრონული წიგნების ხაზი ოთხი ახალი მოწყობილობის გამოშვებით განაახლა.

კერძოდ, კომპანიამ ფერადეკრანიანი ელექტრონული წიგნი, Kindle წარადგინა.

Amazon-მა პირველი Kindle 2007 წელს წარადგინა, თუმცა აქამდე ყველა მოწყობილობას შავ-თეთრი ეკრანი ჰქონდა.

ახალი Kindle-ის დისპლეი შექმნილია ისე, რომ ფერები პიქსელირებულად მაშინაც კი არ გამოჩნდეს, როცა მომხმარებელი გამოსახულებას გაადიდებს.

ფერადი წამკითხველი, Kindle Colorsoft Signature Edition წყალგაუმტარია და გვერდის სწრაფი გადაფურცვლის ფუნქცია აქვს. ბატარეა რვა კვირამდე გამოყენებას უძლებს და უსადენოდაც იტენება. გასანათებლად ნიტრიდის LED-ები გამოიყენება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 279-დოლარიანი მოწყობილობის შეკვეთა უკვე შესაძლებელია, ხოლო მიწოდება 30 ოქტომბრიდან დაიწყება.

Amazon-ის ელექტრონული წიგნების განახლებული ხაზი, ასევე, მოიცავს 399 დოლარის ღირებულების Kindle Scribe-ს ჩანიშვნების ახალი ფუნქციებით, 159-დოლარიან Kindle Paperwhite-სა და მე-12 თაობის Kindle-ს, რომლის ფასიც 109 დოლარია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ