Airbus და Boeing მასშტაბურ შემცირებებს აანონსებენ

ევროპის აეროკოსმოსური ჯგუფი, Airbus 2,500-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რომელიც სიდიდით მეორე უმსხვილეს ერთეულს, თავდაცვისა და კოსმოსურ განყოფილებას შეეხება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კომპანია, განსაკუთრებით, მისი თანამგზავრების წამგებიან სფეროში "პრობლემურ ბიზნესგარემოს” ასახელებს მიზეზად. ამდენად, Airbus თავის სამუშაო ძალის 7%-ით შემცირებას პროფკავშირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, 2026 წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.

Airbus თანამგზავრებსა და სამოქალაქო თვითმფრინავებს აწარმოებს, ასევე, რაკეტების, გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების შექმნის ევროპულ პროგრამებში აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობს.

კომპანიამ ბოლო კვარტლებში კოსმოსურ სისტემებზე ხარჯის გამო 1,5 მლრდ ევროს (1,63 მლრდ დოლარის) ზარალი განიცადა, ხოლო სამუშაო ადგილების შემცირება კოდური სახელწოდება ”ATOM”-ით ცნობილი თავდაცვისა და კოსმოსური ბიზნესის ეფექტიანობის ერთწლიანი ანალიზის შემდეგ გადაწყდა. შემცირება ასევე, თავდაცვის განყოფილების გერმანიის შტაბ-ბინას შეეხება.

პერსონალის, თითქმის, 10%-ით შემცირება Airbus-ის ამერიკელმა კონკურენტმა, კორპორაცია Boeing-მაც გადაწყვიტა. The Wall Street Journal წერს, რომ უმუშევრად დარჩენა 17 ათასზე ოდნავ მეტ ადამიანს ემუქრება. ევროპელი კონკურენტის მსგავსად, მიზეზად Boeing-იც ბიზნესსირთულეებს ასახელებს.

კელი ორტბერგი, რომელიც Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, აცხადებს, რომ ეს შემცირება ყველა რანგის თანამშრომელს, მათ შორის, აღმასრულებლებსა და მენეჯერებს შეეხება. მისი თქმით, კომპანია რთულ მდგომარეობაშია და „სამუშაო ძალის დონე ფინანსური რეალობის შესაბამისობაში უნდა დაკორექტირდეს.“ ის დასძენს, რომ ბიზნესის მდგომარეობა და მისი სამომავლო აღდგენა მკაცრ მოქმედებას მოითხოვს.

Boeing-ის ანგარიშის მიხედვით, მესამე კვარტლის სუფთა ზარალი თითო აქციაზე 9,97 დოლარს შეადგენს, რაც ანალიტიკოსების 1,19-დოლარიან პროგნოზზე ბევრად მეტია. ამასთან, კომპანიამ დასრულებულ კვარტალში 1,3 მლრდ დოლარი საკუთარი სახსრებიდან დახარჯა. მთლიანობაში, წლის დასაწყისიდან Boeing-მა ღირებულების 40%-ზე მეტი დაკარგა.

წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის Boeing-ში 171 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ