Webster  University Tbilisi-ს საქმიანობის 3 წელი, კურსდამთავრებულების გამოშვება და სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება

Webster University Tbilisi 3 წლისაა. უნივერსიტეტმა 16 ოქტომბერს, დაბადების დღესთან ერთად, პირველი კურსდამთავრებულების გამოშვება და სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება აღნიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ნიდერლანდების ელჩი, საბერძნეთის საელჩოს და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, Webster University Tbilisi-მა შეაჯამა გასული 3 წელი და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო. კურსდამთავრებულებს კი საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიებაზე სტუმრებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის თბილისის კამპუსის მნიშვნელობაზე, სამომავლო პროექტებზე, პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტების დასაქმების, გაცვლით და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე. ასევე, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება და ახალ ნაკადს კი - სტუდენტობა მიულოცეს.

Webster University Tbilisi ოფიციალურად ავტორიზებული და აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანოების მიერ. რეგიონში Webster University Tbilisi -ს გახსნით, უმაღლესი დონის ამერიკული განათლების მიღება გახდა შესაძლებელი.

3 წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. მათ შორის:

  • სტუდენტებს სთავაზობს 4 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამას, რომლებიც ფლობენ როგორც ადგილობრივ ისე ამერიკის HLC და ACBSP აკრედიტაციებს.
  • უნივერსიტეტში სწავლობს 100-მდე სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან;
  • სტუდენტები მონაწილეობენ საერთაშორისო სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში. მაგალითად, ამ დროისთვის ისინი იმყოფებიან ვენის, ლაიდენისა და ჟენევის კამპუსებში.

შეგახსენებთ, რომ Webster University მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული უნივერსიტეტია, რომელსაც აშშ-ის გარდა ფილიალები აქვს ევროპაში და აზიაში. ის 1915 წელს დაარსდა და ამჟამად მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. საქართველოში სხვა ქვეყნების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება, თუმცა ამერიკის მხარის გადაწყვეტილებით აქ სწავლა სხვა კამპუსებთან შედარებით 5-ჯერ ნაკლები ღირს. ეს კი რეგიონში განათლების დონის ასამაღლებლად ძალიან ბევრს ნიშნავს.

მაღალი დონის სწავლების პარალელურად, სტუდენტები და თანამშრომლები აქტიურად ჩართულები არიან სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. სტუდენტები მონაწილეობდნენ სხვადასხვა სემინარში, ვორქშფში, გაცვლით პროგრამაში, გლობალურ სამიტებზე. ასევე, უნივერსიტეტი აორგანიზებს სტუდენტური ცხოვრების განვითარების სხვადასხვა ღონისძიებებს კამპუსში და მის გარეთ.

ასევე, Webster University Tbilisi ყოველწლიურად ატარებს ესეების კონკურს აბიტურიენტებისთვის და უფასო საზაფხულო სკოლას, რაც საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა.

როგორც ღონისძიებაზე გაჟღერდა, Webster University Tbilisi გეგმავს აკადემიური შეთავაზებების არეალის გაფართოებას და ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დაწყებას. სტუდენტებს კი სტაჟირების გავლისა და კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები გაეზრდებათ.

(R)