„მოსალოდნელია, რომ სებ-ის ინტერვენცია არჩევნებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, მოსახლეობა ან ბიზნესი ცდილობს მარაგები მყარი ვალუტით შეივსოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტმა გია ჯანდიერმა განაცხადა.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 16 ოქტომბერს 64.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ჯამურად კი სებ-მა ბაზარს სავალუტო აუქციონებით მხოლოდ მიმდინარე თვეს 113.4 მლნ დოლარი, ხოლო მიმდინარე წელს 282.1 მლნ დოლარი მიაწოდა.
ეროვნულ ბანკის განცხადებით, გუშინ განხორციელებული ინტერვენციას წინ უძღოდა მსხვილი ტრანზაქცია, რომლის ეფექტიც გაგრძელდა. ამავე პერიოდში, მაკროეკონომიკური ფაქტორები სტაბილურობას ინარჩუნებდა.
„სებ-ი ამბობს, რომ ერთჯერადი ტრანზაქცია განხორციელდა და არ ასახელებს კონკრეტულად რა ტრანზაქციაზე საუბარია - ეს განცხადება თავხედურია. თუ ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციაა და ასეთი ძვირი გვიჯდება, წარმოიდგინეთ რამდენად მყიფეა ჩვენი ეკონომიკა, რომ ამ ერთჯერად მოვლენას უძღვნიან რეზერვების გაყიდვას. თუ ეკონომიკა ასეთი მყიფეა, ცხადია, ნებისმიერი რყევები მეტად გაართულებს სიტუაციას.
რაც შეეხება იმას, უნდა გაყიდოს თუ არა სებ-მა რეზერვები, მე რომ მკითხოთ, საერთოდ არ უნდა არსებობდეს ლარი და უნდა გადავიდეთ ევროზე. ევროზე გადასვლა ყველაზე ლოგიკურია იმიტომ, რომ ისეთი ძალაუფლება, როგორიც არის მონეტარული პოლიტიკით მანიპულაციები, მყისიერად გაქრება.
შესაბამისად, ეს აღარ გამოიწვევს რყევებს ეკონომიკაში. ამასთანავე, გააქრობს ინვესტორების უარყოფით მოლოდინებს, რაც მნიშვნელოვან წილს იკავებს მაშინ, როცა გაურკვეველია რას აპირებს სახელმწიფო, ეროვნული ბანკი და ლარი.
მაგრამ, მეორე მხრივ, თუ გვაქვს ლარი და მივყვებით მოსაზრებას რომ უნდა გვქონდეს, მაშინ მიჩვეული უნდა ვიყოთ, რომ სტაბილიზაციის მიზნით ეროვნული ბანკი გაყიდის რეზერვებს, რათა პანიკა არ შეიქმნას ბაზარზე“, - განაცხადა გია ჯანდიერმა.