„ცენტრალური ბანკების, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის, ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნებაზე მიმართულ სავალუტო ინტერვენციებს გამართლება არ აქვს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „სტემსქეილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ კუკავამ განუცხადა.
მისი თქმით, არაერთი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ ცენტრალური ბანკის რეზერვების გამოყენება კურსის დასაჭერად მიზანშეწონილი არ არის.
„ცენტრალური ბანკის მიზანია სავალუტო ბაზარს მისცეს სიგნალი. ცენტრალური ბანკის მიზანი არ შეიძლება იყოს ვალუტის კურსის შენარჩუნება, რასაც ამდენი ხანია სებ-ი აკეთებს. ეს არის კონტრპროდუქტიული ზომა. არაერთი ქვეყნის, მათ შორის, ჩვენი მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანის, სომხეთის გამოცდილებამაც აჩვენა, რომ არ შეიძლება ცენტრალური ბანკის რეზერვების გამოყენება იმისთვის, რომ კურსი დაიჭირო. შეუძლებელია ეს აკეთო იმ რეპუტაციული ზიანის გარეშე, რასაც ეს ქვეყანასა და ცენტრალურ ბანკს აყენებს“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მიმდინარე თვეს უკვე 113.4 მლნ დოლარი გაყიდა. გუშინ სებ-მა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა და 64.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. მანამდე, 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარიც გამოიტანა, საიდანაც 48.5 მლნ გაიყიდა. მთლიანად კი, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს 282.1 მლნ დოლარი მიაწოდა.