„იმერეთში ბევრი ტურისტული ადგილი აუთვისებელია - ერთადერთი საირმე მუშაობს აქტიურად“

„სტატისტიკის თანახმად, ვიზიტორების კუთხით პირველ ადგილზე არის იმერეთი,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის გიდმა ლაშა ბერიკაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ტურისტების დიდი რაოდენობა ნათესავების მონახულებით მიზნით განხორციელებულ ვიზიტებზე მოდიოდა, რაც ზაფხულის თანმდევი პროცესია. ამასთან, გიდთან ვისაუბრეთ იმერეთის ტურისტულ პოტენციალზეც.

„იმერეთს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, 12 მუნიციპალიტეტი აქვს და ბევრ მუნიციპალიტეტში უფრო მეტად შეიძლებოდა პიარ კამპანიის წარმოება, რაც არც შიდა ბაზრისთვის და არც შემომყვანი ტურიზმისთვის არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული ვიყავით ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებსა და ნათესავების მონახულების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე.

იმერეთში ძირითადად ინტერესდებიან კანიონებითა და მღვიმეებით, ესენი არის ნომერ პირველი მონახულებულ ობიექტებს შორის. გელათი, სამწუხაროდ, დაკეტილია და გამოსულია მწყობრიდან. ინტერესდებიან ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და შემდეგ უკვე კულინარია არის ინტერესის მთავარი სფერო.

იმერეთის ჰორეკა სექტორი ვითარდება, ვნახავთ, რომ დაემატა კვების ობიექტები, ისევე როგორც სასტუმროები. მაგრამ არის ძალიან ბევრი ტურისტული ადგილი, რომელიც აუთვისებელია, მაგალითად სულორი ვანში. ერთადერთი საირმე მუშაობს აქტიურად. წყალტუბო ნაწილობრივ მუშაობს, წყალტუბოს პარკი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და გარდა ამისა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას. ახალი ატრაქციები იმერეთში წელს არ შექმნილა და ეს არ უწყობს ხელს ტურიზმის სწრაფად განვითარებას,“ - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

მერი ტაბატაძე