მთავრობამ კარტოფილის კიბოს კონტროლის ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც არეგულირებს მავნე ორგანიზმის, კიბოს გამომწვევის - Synchytrium endobioticum - პათოგენის ფიტოსანიტარიულ კონტროლს და მისი გავრცელების პრევენციას. წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ბიზნესოპერატორებზე, ასევე ოჯახურ მეურნეობებზე. როგორც დადგენილებაშია მითითებული, კარტოფილის წარმოების ადგილზე პათოგენის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ჩაატაროს სახელმწიფო კონტროლი.
ის ტერიტორია, სადაც ერთ მცენარეზე მაინც გამოვლინდა დაავადების ნიშნები ან ნიადაგში აღმოჩნდა პათოგენის, სულ მცირე - ერთი სიცოცხლისუნარიანი სპორანგიუმი, ცხადდება საკარანტინო ზონად, ხდება მისი შემოსაზღვრა და განისაზღვრება ბუფერული ზონა. რეგლამენტის მიხედვით, საკარანტინო ზონაში აკრძალულია: კარტოფილისა და სხვა ნებისმიერი სარგავი მასალის მოყვანა და ნიადაგში დათესვა/დარგვა; ნაკვეთის კულტივირების გარეშე, ბალახის საფარის ქვეშ დატოვება; ზონიდან გაურეცხავი და მიწიანი ტექნიკისა და სამუშაო იარაღების გამოტანა და გამოყენება. თუმცა, საკარანტინო ზონაში დასაშვებია სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა თესლბრუნვის წესების დაცვით.
ბუფერულ ზონაში, რომელიც ესაზღვრება საკარანტინო ზონას და ექვემდებარება ფიტოსანიტარიულ კონტროლს, აკრძალულია: პათოგენისადმი არარეზისტენტული (არაგამძლე) ჯიშის დათესვა; სასურსათო და სათესლე კარტოფილის შენახვა იმავე საცავში, სადაც ინახებოდა პათოგენით დასნებოვნებული ბოსტნეული.
როგორც ტექნიკურ რეგლამენტშია აღნიშნული, საკარანტინო ზონაში პათოგენის გასანადგურებლად ფერმერებმა თუ მეწარმეებმა ტუბერები უნდა დაამუშავონ (მათ შორის, ორთქლში გატარებით, ჩამქრალი კირით ან სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილი სადეზინფექციო ხსნარით) ან გადაამუშავონ, სტოლონები და ღერო-ფოჩები უნდა შეაგროვონ, ჩაყარონ ორმოში, დაფარონ ნიადაგის ფენით ან დაწვან.
საკარანტინო ზონაში აკრძალვები სრულად მოიხსნება ინფიცირების ბოლო გამოვლენიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ (ნიადაგის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე). თუმცა, შესაძლებელია, საკარანტინო ზონაში აკრძალვის ნაწილობრივი მოხსნა პათოგენის ბოლო გამოვლენიდან 10 წლის შემდეგ, რისთვისაც უნდა ჩატარდეს ნიადაგის ნიმუშების გამოკვლევა; თუ ერთ გრამ ნიადაგში გამოვლინდა 5-ზე ნაკლები სპორანგიუმი, ხოლო ბიოტესტის შედეგები უარყოფითია.
აკრძალვების ნაწილობრივი მოხსნის შემდეგ, შესაბამის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ სასურსათო კარტოფილის რეზისტენტული ჯიშების მოყვანა. ბიზნესოპერატორები თუ ფერმერები ვალდებულები არიან სათესლე ან სარგავი მიზნით მოყვანილი კარტოფილის ტრანსპორტირება და რეალიზაცია მოახდინონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების ვადების შესახებ კი წინასწარ აცნობონ სააგენტოს.
შეზღუდვებს ახალი რეგლამენტი სამეცნიერო-კვლევით და სელექციურ საქმიანობაზეც აწესებს: უნდა გამოიყენონ პათოგენზე წინასწარ შემოწმებული, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული პათოგენისგან თავისუფალი, საღი სათესლე და სარგავი მასალა; აკრძალულია პათოგენის კულტურის ფლობა და გადაადგილება, გარდა სამეცნიერო-კვლევითი და სელექციური საქმიანობისთვის განკუთვნილი პათოგენის კულტურისა. დოკუმენტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა საბაჟო საზღვარზე პათოგენის გამოვლენისას, იმპორტირებული ტვირთი უნდა დააკავოს, უკან გააბრუნოს, ან გაანადგუროს.
სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საკარანტინო და ბუფერულ ზონებში ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმირება, შესაბამისი მითითებებისა და რეკომენდაციების მიცემა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების თაობაზე; სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია ყოველ წელს პათოგენისადმი რეზისტენტული ჯიშების ჩამონათვალი სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს. იმ შემთხვევაში, თუ რეგლამენტს არ დაემორჩილებიან, მეწარმე სუბიექტები დაჯარიმდებიან.
ბელა ნოზაძე