როგორ შეცვალოთ მობილურის ნომერი ბაზაში, თუ საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები sms-ით არ მოდის

ხშირად, როდესაც ავტომობილის მძღოლი საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმდება, შესაბამისი sms-შეტყობინება არ მისდის, ზოგჯერ კი, სხვის საკუთრებაში არსებული ავტომობილის შესახებ ინფორმაციები ეგზავნება.

ორივე შემთხვევაში ცხადია, რომ ერთიან ბაზაში მობილური ნომერი არასწორად არის მითითებული და იმისთვის, რომ დამატებითი პრობლემები თავიდან ავირიდოთ, უმჯობესია ხარვეზი გავასწოროთ.

როგორც მომსახურების სააგენტო განმარტავს, დაინტერესებულ პირს სრული უფლება აქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაცია მიიღოს და მისი გასწორება, განახლება, დამატება ან სულაც დაბლოკვა მოითხოვოს.

მოქალაქეს ეს შეუძლია გააკეთოს როგორც მომსახურების სააგენტოში მისვლითა და განაცხადის გაკეთებით, ისე დისტანციურად, სატელეფონო ზარით ან აპლიკაციის მეშვეობით.

უფრო კონკრეტულად, ე.წ. „ცხელი ხაზი“-ს საშუალებით ტელეფონის ნომრის გასასწორებლად, გასაახლებლად, დასამატებლად, დასაბლოკად ან წასაშლელად, დაინტერესებული პირი საჭიროა დაუკავშირდეს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზს და მისი იდენტიფიცირების მიზნით ოპერატორს აცნობოს:

• სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;

• საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, სარეგისტრაციო მოწმობის ან შასის/VIN კოდის ბოლო 4 სიმბოლო ან მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სერია/ნომერი, მინიჭებული კატეგორია/ქვეკატეგორია;

• ბაზაში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი.

როგორც მომსახურების სააგენტო განმარტავს, მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში სააგენტო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან აცნობოს დაინტერესებულ პირს უარის თქმის საფუძველი.

რაც შეეხება კიდევ ერთ მეთოდს, უწყების ინფორმაციით, შესაბამისი სერვისი სააგენტოს მობილური აპლიკაციაშის არსებობს.

უფრო კონკრეტულად, თუ ავტორიზებულ პირს თავის სახელზე რეგისტრირებული აქვს სატრანსპორტო საშუალება, მობილური აპლიკაციით (Service Agency) საშუალებით შეუძლია სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე დააფიქსიროს მობილური ტელეფონის ნომერი ან უკვე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ მიიღოს ინფორმაცია ან/და შეცვალოს.

სააგენტოს განმარტებით, აპლიკაციაში (Service Agency) ასახული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ მონაცემი ითვლება ნამდვილად და ზუსტად, მანამ სანამ დაინტერესებული პირი არ შეცვლის აღნიშნულს ან არ მოითხოვს წაშლას წერილობით განცხადებითა და ცნობით, რომლითაც დადასტურდება, რომ აპლიკაციაში (Service Agency) მითითებული მობილური ტელეფონი ნომერი მის საკუთრებას არ წარმოადგენს.

ნინი ქეთელაური