რუსეთმა ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინოზე საიმპორტო გადასახადი, შესაძლოა, მინიმუმ, 50%-ით გაზარდოს. ამ ინიციატივით რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დიმიტრი კისელევი გამოდის, რასაც RBC ავრცელებს.
კისილევი ამ გადასახადის 200%-ით გაზრდასაც ემხრობა და მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ 12,5%-დან 20%-მდე გაზრდა არასაკმარისია.
ცნობისთვის: ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინოზე საიმპორტო გადასახადი პირველად 2023 წლის აგვისტოში 12,5%-იდან 20%-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტში მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია გადასახადის 200%-მდე გაზრდის ინიციატვით გამოვიდა. ამასთან, ასოციაციის წევრები რესტორნებში რუსული ღვინის 20%-იანი კვოტის შემოღებას 50%-მდე გაზრდის პერსპექტივით ითხოვდნენ, თუმცა ეს ზომები არ გატარდა.
“არამეგობრული” ქვეყნებიდან ალკოჰოლზე გადასახადის ზრდის მეორე ეტაპი რუსეთში მიმდინარე წლის აგვისტოში განხორციელდა. კერძოდ, ძლიერ ალკოჰოლზე განაკვეთი საბაჟო ღირებულების 20%-მდე, ღვინის გადასახადი კი 20-დან 25%-მდე გაიზარდა.
ამასთან, ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რესტორნებსა და მაღაზიებში რუსული ღვინის კვოტას 20%-ით ადგენს. უწყების არგუმენტით, რუსი მომხმარებლებისთვის ადგილობრივი მეღვინეების პროდუქცია უცნობია, რადგან მაღაზიების თაროებსა და რესტორნების ღვინის მენიუში ძირითად წილს უცხოური ბრენდები იკავებს.
სამინისტრო ცვლილების შემოღებას 2025 წლის 1-ლი მარტიდან გეგმავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ