მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა. თბილისის დროით 11:30 საათისთვის ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2 707 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიან ინტერვალში თითქმის 4.11%-იანი ზრდაა, წლიურად კი ოქროზე ფასმა 36.24%-ით მოიმატა.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ბირჟაზე ერთი უნცია 2 578 დოლარად ივაჭრებოდა.
ოქრო ძვირდება საქართველოშიც. როგორც თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფასი ფაქტობრივად, ყოველდღიურად იზრდება.
„ოქროზე ასეთი მაღალი ფასები აქამდე არ ყოფილა, ღირებულება ფაქტობრივად, ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისთვის ერთი გრამი ე.წ. ბაჯაღლო მინიმუმ 250 ლარი ღირს, 585 სინჯის ოქრო კი 170 ლარი.
მიუხედავად მაღალი ფასისა, ოქროზე მოთხოვნა მაინც არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი ხედავს, რომ ფასები იზრდება“, - განუცხადეს „ოქროს ბირჟაზე“ „ბიზნესპრესნიუსს“.