2024 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 77%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„2024 წლის სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,5 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,4 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 11,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 86,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 1,7 ათასი ტონა (12,6%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,7%);
ამასთან, გასულ თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 8,76 ათასი ტონა, რაც 3,82 ათასი ტონით ანუ 77,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,94 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის სექტემბერში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 97,6% (8,55 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან,“ - ნათქვამია იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.