„ისეც არ გაგვიძვირებია პროდუქცია, რომ ამას მოთხოვნაზე ემოქმედა“ –  „ზარაფხანა“ ოქროს ფასზე

„ისეც არ გაგვიძვირებია პროდუქცია, რომ ამას მოთხოვნაზე ემოქმედა“ - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი. თორნიკე სამხარაძე ამბობს, რომ პროდუქციაზე ფასმა მხოლოდ 4%-ით მოიმატა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც მსოფლიო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2 600 დოლარი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა. თბილისის დროით 15:30 საათზე მონაცემებით, ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2 711 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიან ინტერვალში თითქმის 4.11%-იანი ზრდაა, წლიურად კი ოქროზე ფასმა 36.24%-ით მოიმატა.

„მას შემდეგ, რაც ოქრომ გაძვირება დაიწყო, დიდი ხნის განმავლობაში, კომპანიის სახსრების ხარჯზე არ ვაძვირებდით პროდუქციას. როდესაც უნციამ 2 600 დოლარს მიაღწია, იძულებულები გავხდით, გაგვეძვირებინა ჩვენი პროდუქცია. ფასებმა 4%-ით მოიმატა. მას მერე 105 დოლარით კიდევ გაძვირდა ოქრო, რამაც ჩვენთვის შესასყიდი ძვირფასი მეტალი ასევე გააძვირა, მაგრამ ბოლო გაძვირების შემდეგ აღარ ვაპირებთ ფასის მომატებას, რადგან გვაქვს ისევ ის პოლიტიკა, რომ კომპანია საკუთარი სახსრებით დაფინანსდეს. მინიმუმ ეს წელი ჩვენი პროდუქცია არ გაძვირდება“, - განაცხადა „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ.

თორნიკე სამხარაძის თქმით, გაძვირების მიუხედავად მათ ნაწარმზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

„ისეც არ გაგვიძვირებია პროდუქცია, რომ ამას მოთხოვნაზე ემოქმედა“ - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც სამხარაძე აცხადებს, მომდევნო წლის ბოლოს კომპანია ფილიალის გახსნას ლონდონში გეგმავს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ რაიმე გლობალური ფაქტორი ხელს არ შეგვიშლის და ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

მისი თქმით, მათი პროდუქციით საკმაოდ დიდი მოთხოვნაა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ასევე აშშ-დან.

„გასულ წელთან შედარებით ამ ქვეყნებიდან მოთხოვნა გაზრდილი არ არის, თუმცა არც შემცირებულა, სტაბილურად მიმდინარეობს“ - აღნიშნა მან.

„ვცდილობთ, კომპანიას ტექნიკური პრობლემები არ შეექმნას და აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ძალიან დიდი გადაიარაღება საწარმოში, ამ მიმართულებით ვცდილობთ, მუდმივად განვვითარდეთ, რათა ეს ყველაფერი ხარისხზე აისახოს“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

ეკა დარჩიაშვილი