რა ჯდება მართვის მოწობის შეცვლა და აღდგენა

საქართველოში მართვის მოწმობის შეცვლა და აღდგენა ფასიანია. თუ მოქალაქეს საკუთარი მართვის მოწმობის შეცვლა, ან დაკარგულის შემთხვევაში, აღდგენა სურს, შესაბამისი სერვისის მიღება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს: მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა; ვადის გასვლა; გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება); მართვის მოწმობაში ასახული რომელიმე მონაცემის შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება; სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება; მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა;ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტი რამდენიმე წუთში მზადდება და გაიცემა. რაც შეეხება ფასს, მართვის მოწმობის შეცვლა 15 ლარი, ხოლო აღდგენა 35 ლარი ჯდება. იმისთვის, რომ პირმა არსებული მოწმობა შეცვალოს, აუცილებელია წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • არსებული მართვის მოწმობა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ხოლო, დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად მფლობელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს მხოლოდ 3 დოკუმენტი. კერძოდ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

ნინი ქეთელაური