ლარი გამყარდა - როგორი იყო მიმდინარე კვირის დინამიკა

ეროვნული ვალუტისთვის მიმდინარე კვირა, გასული კვირის მსგავსად, პოზიტიური იყო.

15 ოქტომბერს, მიმდინარე კვირის პირველ სავაჭრო დღეს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელმა 0.11 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.9804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.62 თეთრით გამყარდა.

16 ოქტომბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 64.9 მილიონი დოლარი გაყიდა, რის შედეგადაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა და კურსი 2.7143 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებითაც მკვეთრად, 1.75 თეთრით, გამყარდა, რის შედეგადაც 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9567 ლარი გახდა.

17 ოქტომბერს ლარი დოლართან მიმართებით, მცირედით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7171 ლარი გახდა. კურსის ცვლილება 0.28 თეთრი იყო.

ლარი ევროსთან გამყარდა, რომლის კურსმაც 2.9516 ლარი შეადგინა. ცვლილება 0.51 თეთრი იყო.

18 ოქტომბერს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება ევროს, მისმა კურსმა 2.9457 ლარი შეადგინა. კურსის ცვლილება ლარის სასარგებლოდ, 0.59 თეთრი იყო.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში, ლარი დოლართან მიმართებით 1.06 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 3.47 თეთრით გამყარდა.

ნათია ზარიძე