კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შესყიდვის შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს, რომელშიც განხილულია თუ რას აძლევს ქვეყანას უცხოური რეზერვების აღნიშნული სახეობა და ფინანსურად რამდენად გამართლებული იყო მისი გაზრდილი ფასით შეძენა.
პუბლიკაციაში ასევე საუბარია ავტორიტარული ქვეყნების მაგალითებზე და დასმულია შეკითხვა - არის თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ნაყიდი ოქრო დასავლური სანქციებისგან თავდაცვისთვის საკმარისი იარაღი? რაზეც თავად ავტორი გვპაუხობს.
„იმის მიუხედავად, რომ ოქრო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აქტივია, რომელსაც სტაბილურად მზარდი ღირებულება აქვს, 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, ცენტრალური ბანკის რეზერვებში მისი ოდენობა 0 იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამიტომ, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ცალკე არსებულ ოქროს მარაგის სტატისტიკას არ აქვეყნებდა და დღემდე არ აქვეყნებს. ის SDR-თან ერთადაა წარმოდგენილი. 2024 წელს პირველად დაფიქსირდა 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ოქროს შესყიდვა, რაც რეზერვების 11% იყო.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და მისი ცენტრალური ბანკის 300 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული აქტივები გაყინა, ერთადერთი აქტივი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა, ოქრო იყო. სწორედ ამის შემდეგ, რუსეთმა და სხვა ავტორიტარულმა ქვეყნებმა მკვეთრად გაზარდეს მოთხოვნა ოქროზე და დაიწყეს აშშ დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დოლარი, როგორც იარაღი, ისე გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ. 2023 წელს ჩინეთმა - 1 037 ტონა, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში 290 ტონა ოქრო იყიდა. ამჟამად ჩინეთის ოქროს რეზერვები 2 264 ტონას შეადგენს. იგივე ტენდენცია შეინიშნება BRICS-ის წევრ სხვა ქვეყნებშიც.
გრაფიკი 2: BRICS - ის წევრი ქვეყნები და მათ მიერ ოქროს შესყიდვა. 2018=100
წყარო: ატლანტიკური საბჭო. მსოფლიო ოქროს საბჭო
საქართველოს მიერ ავტორიტარული ქვეყნების მიბაძვამ მრავალი კითხვა გააჩინა. მათ შორის, ფინანსურად რამდენად გამართლებული იყო ოქროს ყიდვა მკვეთრად გაზრდილ ფასად და ამავე დროს, მოცემული ქმედება ხომ არ იყო დასავლური სანქციებისგან თავის დაცვის მოტივი. თუმცა, ამ უკანასკნელზე პასუხად, 11%-იანი რეზერვების წილი ნამდვილად არ წარმოადგენს საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაცვის საკმარის იარაღს მაშინ, როცა რეზერვების უდიდესი ნაწილი კვლავ უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ხოლო საქართველოს ფინანსური სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეების აქციები, რომლებიც ბაზრის 80%-ზე მეტს ქმნის, ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება.
შეჯამებისთვის, საქართველოს ცენტრალური ბანკის რეზერვები, წლების განმავლობაში, ზრდადია და სხვადასხვა აქტივისგან შედგება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აქტივების უდიდეს ნაწილს უცხოური ვალუტა და ფასიანი ქაღალდები შეადგენდა. ისინი საგარეო შოკების თავიდან ასაცილებლად და ბანკებისთვის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება, მაგრამ ხშირად საქართველოს ეროვნული ბანკი მათ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, საარჩევნო პერიოდში ვალუტის კურსის გასამყარებლად იყენებდა.
2024 წელს ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვები შეიძინა, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, ნამდვილად დადებითი მოვლენაა, რადგან ოქრო ყველაზე სტაბილურ და მოთხოვნად აქტივად ითვლება. ოქროს სხვა მრავალი დადებითი თვისება აქვს, თუ ვალუტის მიბმა ნაწილობრივ ან სრულად მასზე ხდება, მაგრამ ოქროს სტანდარტისა და ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების შემდეგ, არ მოიძებნება ქვეყანა, რომლის ვალუტაც ოქროზეა მიბმული. ოქროს რეზერვების შეძენამ კითხვის ნიშნები გააჩინა, რადგან ამ ნაბიჯის ისეთ დროს გადადგმა, რომელიც ავტორიტარული ქვეყნების დიდი ნაწილის ქმედებებსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების გაზრდილ რისკებს ემთხვევა, მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებად მართლდება.
რუსეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, ირანი, ინდოეთი - ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც უკანასკნელ წლებში ოქროს რეზერვები მკვეთრად გაზარდეს, რათა აშშ დოლარსა და დასავლეთზე დამოკიდებულება შეამცირონ. აქვე აღსანიშნავია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საგარეო კურსის ვექტორის ცვლილებაც, რამაც დასავლეთიდან ავტორიტარიზმისკენ - ჩრდილოეთით რუსეთისკენ და აღმოსავლეთით ჩინეთისკენ - გადაინაცვლა. მომავალში ოქროს შესყიდვის ტენდენციის გაგრძელება ნამდვილად დადებითი ეფექტის მქონეა, თუმცა მოტივს ყოველთვის უნდა მიექცეს ყურადღება და ხელისუფლებამ მოცემული ქმედება საკუთარი კეთილდღეობისთვის არ უნდა გამოიყენოს“,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.
იხილეთ აგრეთვე:
7 თვეში სებ-მა ოქროს რეზერვები 81.7%-ით გაზარდა