ქვეყნები, რომლებსაც 2038 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ექნებათ - WELT-ის რეიტინგი

ქვეყნები, რომლებსაც დღეს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა აქვთ და რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე არიან, 2038 წლისთვის შესაძლოა, რამდენიმე საფეხურით უკან დახევა მოუწიოთ. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ეკონომიკური ლიგის (WELT) განახლებულ ანგარიშში.

ანგარიში არის „სხვადასხვა ქვეყნის შედარებითი ეკონომიკური წარმატების ერთგვარი საზომი“. მსოფლიო ეკონომიკური ლიგა ბოლო 15 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის (Cebr)-ის კვლევებს დაეყრდნო.

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომლებსაც სავარაუდოდ, 2038 წელს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ექნებათ:

ჩინეთი - მშპ 48.811 ტრილიონი დოლარი

მოსალოდნელია, რომ ქვეყანა 2038 წლისთვის WELT-ის რეიტინგში სათავეში მოექცევა. თუმცა, სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკას ორი ფუნდამენტური პრობლემა აქვს: უძრავი ქონების სექტორი და მოსახლეობის დაბერება.

აშშ - მშპ 47.827 ტრილიონი დოლარი

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, პირველ ადგილს 2037 წელს დათმობს და რეიტინგში მეორე ადგილს დაიკავებს. Cebr პროგნოზირებს, რომ აშშ პირველ პოზიციას 2050-იან წლებში დაიბრუნებს.

ინდოეთი - მშპ 12.881 ტრილიონი დოლარი

ინდოეთის ეკონომიკას გააჩნია მრავალი ფაქტორი იმისთვის, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სამეულში გამოჩნდეს. ბოლო დროს ქვეყანამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და განათლებული კადრი შექმნა. იზრდება სამეწარმეო და IT სექტორი.

WELT-ის 2038 წლის რეიტინგში ინდოეთი მესამე ადგილს იკავებს. ხოლო Cebr მოელის, რომ ინდოეთი 2080 წლისთვის მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა გახდება.

იაპონია - მშპ 8.894 ტრილიონი დოლარი

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, იაპონია ეკონომიკაში მცირე სტაგნაციას განიცდის. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის სფეროში დიდებას დაიბრუნებს. Cebr -ის პროგნოზით შესაძლოა, იაპონიას 2040 წლისთვის 11 მილიონი მუშაკის დეფიციტი შეექმნას.

გერმანია - მშპ 7.434 ტრილიონი დოლარი

2022 წელს ენერგორესურსების ფასების მატებამ გერმანია მძიმედ დააზარალა. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესა რუსულ ბუნებრივ აირზე მისმა ზედმეტმა დამოკიდებულებამ, რისთვისაც სასწრაფოდ მოუწია ალტერნატივების პოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა შემცირდა 0,4%-ით, ზრდა სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება. პროგნოზირებულია, რომ ეს მაჩვენებელი 2025 წელს 1,6%-მდე გაიზრდება. რეიტინგის მიხედვით, 2038 წლისთვის გერმანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იქნება.

დიდი ბრიტანეთი - მშპ 5.771 ტრილიონი დოლარი

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ათეულში 2038 წლისთვისაც დარჩება. მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ეკონომიკა 1,9%-ით გაიზრდება.

საფრანგეთი - მშპ 4.813 ტრილიონი დოლარი

საფრანგეთის ეკონომიკა 2013 წელს მსოფლიოში მეხუთე უმსხვილეს სახელმწიფოდ მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა. მოსალოდნელია, რომ ადგილს 2038 წლამდე შეინარჩუნებს.

ბრაზილია - მშპ 4.131 ტრილიონი დოლარი

ბრაზილიის ეკონომიკა სხვადასხვა ფაქტორების მიმართ ძალიან გამძლე აღმოჩნდა. მიუხედავად სირთულეებისა, ქვეყანამ ბოლო წლებში უმუშევრობა, ხელფასების ძლიერი ზრდა და პოზიციების გამყარება შეძლო. WELT-ის ვარაუდით, ბრაზილია 2038 წლისთვისაც ათეულში დარჩება.

სამხრეთ კორეა - მშპ 3.682 ტრილიონი დოლარი

სამხრეთ კორეის ეკონომიკა რთული მომავლის წინაშე დგას. ქვეყანაში შობადობის კლება და მოსახლეობის დაბერება საფრთხეს უქმნის ეკონომიკის ზრდას.

მიუხედავად ამ ფაქტორებისა, Cebr ჯერ უზარმაზარ პოტენციალს ხედავს და მიიჩნევს, რომ 20238 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 3.682 ტრილიონი დოლარი იქნება.

კანადა - მშპ - 3.679 ტრილიონი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ კანადას ჯერ კიდევ აქვს უამრავი სხვა გრძელვადიანი გამოწვევა, გლობალურ დონეზე ქვეყნის ეკონომიკა მაინც ინარჩუნებს დადებით პოზიციას.

Cebr მოელის, რომ კანადის ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 2029 წლამდე, საშუალოდ 1.7% იქნება. მოსალოდნელია, რომ 2038 წელს ქვეყანა შეინარჩუნებს მე-10 პოზიციას WELT-ის რეიტინგში.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი