საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების უსასყიდლო გადმოცემის ცერემონია გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.
უწყების ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, შემოსავლების სამსახურისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრები საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე გაეცნენ ბარგის სკანირების პროცესს და საბაჟო პროცედურებს.
საქართველოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების გადმოცემა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგია. პროექტი განხორციელდა ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობათაშორისი, 2019 წლის 13 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვრებზე, ჯამში, უკვე დამონტაჟებულია 7 რენტგენოინსპექტირების აპარატი.
სგპ „სადახლოს" გარდა, რკინიგზისა და სატვირთო მანქანების სტაციონარული ინსპექტირების სისტემები განთავსდა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „კარწახში", ასევე, ბარგის რენტგენოინსპექტირების სისტემები დამონტაჟდა ისეთ მნიშვნელოვან სახმელეთო გადასასვლელებზე, როგორებიცაა: სგპ „ყაზბეგი", „სადახლო", „წითელი ხიდი", „ნინოწმინდა" და „სარფი".
„აღნიშნული რენტგენოინსპექტირების სისტემები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ემსახურება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის უსაფრთხოების დაცვასა და საერთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოდ განხორციელებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახური ახორციელებს საბაჟო-გამშვები პუნქტების აღჭურვას. მომდევნო რამდენიმე კვირაში, 4 საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის რენტგენოსკანერების შესაძენად გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რის შემდეგაც ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი, მათ შორის, აეროპორტები და პორტები აღჭურვილი იქნება თანამედროვე რენტგენოინსპექტირების სისტემებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ჩინეთის ელჩს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის.
„მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების მომსწრენი გავხდით. ჩინეთი ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი და ახლა უკვე სტრატეგიული პარტნიორები ვართ. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად მოხდა შუა დერეფნის იდეაზე მუშაობა. სამომავლოდ, შუა დერეფნის ეფექტური მუშაობა და გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ ჩინეთში ამ დარგის წამყვანი კომპანიის მიერ ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული საბაჟო ინსპექტირების აპარატურა, დაეხმარება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს მუშაობის გაუმჯობესებაში. გაზრდილი ეფექტურობითა და გამართული სისტემებით, შუა დერეფანი კიდევ უფრო პოპულარული გახდება, გააუმჯობესებს საქართველოს ლოგისტიკის სფეროს და სარგებლის მომტანი იქნება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ამ დერეფანში მოიაზრება. გვიხარია, რომ ჩინეთი იქნება ამ პროცესის მონაწილე და საქართველოს მტკიცე პარტნიორი შუა დერეფნის განვითარების უზრუნველყოფაში", - აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.
როგორც აღინიშნა, მსგავსი თანამედროვე ინსპექტირების აღჭურვილობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საბაჟოს შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს მიწოდების გლობალური ჯაჭვის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს კანონიერ ვაჭრობას და აძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.