საშუალო ხელფასები გვაჩვენებს ზრდას, თუმცა რეალურად შესაძლოა, მხოლოდ მდიდრების შემოსავალი გაიზარდა - ეკონომისტი

„რა დატვირთვა აქვს იმას, რომ ხელფასის არითმეტიკულ საშუალოს ვიგებთ? ამით ვერ ვიგებთ ქვეყანაში რეალურად საშუალო შემოსავალი რამდენია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა.

ეკონომისტის თქმით, ხელფასების საშუალო არითმეტიკულის დათვლამ შესაძლოა, გვიჩვენოს ზრდა. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში შესაძლოა, მდიდრების შემოსავალი გაიზარდა, საშუალო და მცირეშემოსავლიანი პირების კი შემცირდა ან უცვლელი დარჩა. ამ შემთხვევაში საშუალო ხელფასი ზრდაზე კი არა, არამედ იმაზე მიანიშნებს, რომ სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გამწვავდა.

„ხელფასების მედიანური უკეთესად აჩვენებს რეალურ სურათს, საშუალო არითმეტიკულის დათვლა არაფერს არ გვაძლევს იმიტომ, რომ შეიძლება ბანკის მმართველების შემოსავალი გაიზარდა ორჯერ ბოლო ორ წელში, მაგრამ საშუალო ფენის შემოსავალი საერთოდ არ გაზრდილა. ამ შემთხვევაში, როდესაც დავთვლით ხელფასების საშუალო არითმეტიკულს, გვაჩვენებს ზრდას, თუმცა რეალურად საშუალო ხელფასი კი არ გაიზარდა, არამედ მდიდრების შემოსავალი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც პირიქით ცუდი მონაცემია, რადგან აჩვენებს, რომ ქვეყანაში უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდა.

საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ატყუებს მოსახლეობას, რომ ხელფასი გაიზარდა. მაშინ უნდა შევისწავლოთ, ვისი ხელფასის ზრდის გამო გაიზარდა საშუალო ხელფასი. შეიძლება მაღალშემოსავლიანების ხელფასი ბევრად გაიზარდა და დაბალშემოსავლიანების შემცირდა, მაგრამ საშუალო მაინც ზრდას გვიჩვენებს. თუ გვინდა გავიგოთ როგორია მოქალაქეების უმეტესის შემოსავალი, რამდენად არის შესაძლებელი ამ შემოსავლით ხარჯების დაფარვა, განათლების, ასევე, ჯანდაცვის და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა რამდენად შესაძლებელია ამ ხელფასით, მაშინ უნდა ავიღოთ მედიანური ხელფასი,“ - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

მერი ტაბატაძე