გსურს პენსიაზე გასვლა, მაგრამ ნერვიულობ, რომ ისე ვერ იცხოვრებ და დატკბები ყოველდღიურობით, როგორც შენ წარმოგიდგენია?
დღევანდელ მსოფლიოში საცხოვრებელი ლოკაციისა თუ ქვეყნის შეცვლა წარმოუდგენელი პროცესი აღარ არის. შესაბამისი ბიუროკრატიული პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ, შეგიძლიათ ისეთ ქვეყანაში გადახვიდეთ საცხოვრებლად, სადაც პენსიონერებისთვის ნამდვილი “სამოთხე“ დაგხვდებათ.
წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომლებიც გლობალური სტანდარტებით უსაფრთხო, შედარებით იაფ და კარგი კლიმატის მქონე ქვეყნად ითვლება.
საბერძნეთი: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 880 დოლარი
ხმელთაშუაზღვისპირეთის ერს ხანდაზმულ ემიგრანტებისთვის ბევრი შეთავაზება აქვს. პენსიონერებისთვის შესანიშნავი ჯანდაცვა და პაკეტები არსებობს.
Numbeo-ს შეფასებით, საბერძნეთში ერთი ადამიანის ცხოვრების ყოველთვიური ღირებულება, ქირის ან იპოთეკის გადახდების გამოკლებით, დაახლოებით 880 დოლარია, რაც 26.3%-ით იაფია ავსტრალიის ცხოვრების საშუალო თვიურ ღირებულებაზე.
იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მორგებული ტარიფები, საკვები და ხელმისაწვდომი ბინის ქირა ქვეყანას საკმაოდ მიმზიდველს ხდის.
Numbeo-ს გაანგარიშებით, თვიური კომუნალური გადასახადების ხარჯი დაახლოებით 228 დოლარს შეადგენს.
კოსტა რიკა: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 871 დოლარი
ქვეყანა ამაყობს ბუნებრივი სილამაზით, კეთილგანწყობილი ხალხით და თბილი კლიმატით.
კოსტა რიკა ერთ-ერთი ლათინური ამერიკის ქვეყანაა დანაშაულის შედარებით დაბალი მაჩვენებლით. ის განიხილება, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში.
Numbeo-ს მიხედვით, ერთ ადამიანზე ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება დაახლოებით 871 დოლარია.
მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო პროდუქტები აქ ოდნავ ძვირია, ვიდრე საბერძნეთში, კერძები რესტორნებში მაინც ძალიან ხელმისაწვდომია. იაფია ტაქსი და სხვა ტრანსპორტი.
კოსტა რიკის ჯანდაცვის სისტემა ლათინურ ამერიკაში საუკეთესოდ ითვლება. InterNations-ის თანახმად, ემიგრანტების უმეტესობა ჯანდაცვაში ყოველთვიურად მაქსიმუმ 100 აშშ დოლარს იხდის, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ტარიფი მცირდება.
ბინის ქირის ფასი საშუალოდ 500 დოლარია თვეში. კომუნალურები კი 80 დოლარამდეა.
ხორვატია: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 785 დოლარი
ევროპის ერთ-ერთი მზიანი ადგილი, ხორვატია ემიგრანტი პენსიონერების საყვარელი ადგილია. ქვეყნის მშვიდი კლიმატი, თვალწარმტაცი ცისფერი სანაპირო, ისტორიული ქალაქები და რესტორნები მართლაც უამრავ ადამიანს იზიდავს.
Numbeo-ს გამოთვლით, ხორვატიაში ცხოვრების საშუალო ღირებულება (იჯარის ან იპოთეკის გამოკლებით) ერთი ადამიანისთვის არის 785 დოლარი.
მთლიანობაში ფასებიც დაბალია. განსაკუთრებით, ხელსაყრელია ტრანსპორტის, სასურსათო პროდუქტების და კვების საფასური.
ბინის ქირა ამ შემთხვევაშიც 500 დოლარამდე მერყეობს თვიურად.
ესპანეთი: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 776 დოლარი
მზიანი ესპანეთი ათწლეულების განმავლობაში იზიდავს უცხოელ პენსიონერებს. ქვეყანა ცნობილია კარგი ამინდით, კულტურით და სანიმუშო ჯანდაცვის სისტემით.
ესპანეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანა პენსიონერებისთვის.
Numbeo-ს ანალიზით, ესპანეთში ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯი 776 დოლარია. სასურსათო პროდუქტების ფასი ზომიერია, ხოლო ჯანდაცვა ხელმისაწვდომი.
ერთოთახიანი ბინის ყოველთვიური ქირა ქალაქების გარეუბნებში დაახლოებით, 700 დოლარამდეა.
პორტუგალია: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 728 დოლარი
პორტუგალია აღიარებულია International Living-ის მიერ, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი იაფი საპენსიო მიმართულება. სამხრეთ ევროპის ამ ქვეყანაში არის დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი, თბილი კლიმატი, განსაცვიფრებელი სანაპირო ზოლი, გამოჩენილი კულტურული მემკვიდრეობა, გემრიელი საკვები და ა.შ.
მაგალითად, პორტუგალიის ჯანდაცვის სისტემა, Serviço Nacional de Saúde (SNS), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მსოფლიოში მე-12 საუკეთესოდ არის დასახელებული და სრულად არის ხელმისაწვდომი ემიგრანტებისთვის.
საშუალო თვიური ცხოვრების ხარჯები პორტუგალიაში, ქირავნობის ან იპოთეკის გადახდების გამოკლებით, შეადგენს 728 დოლარს ერთ ადამიანზე.
საჭიროებები, როგორიცაა სასურსათო პროდუქტები და ტრანსპორტი, ხელმისაწვდომია. თუმცა, ბინის საშუალო ქირა შედარებით ძვირი - თვეში დაახლოებით 800 დოლარამდეა.
მონტენეგრო: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 676 დოლარი
კიდევ ერთი ბალკანეთის ქვეყანა მონტენეგრო, "უახლესი ევროპული საპენსიო თავშესაფარია".
უცხოელი პენსიონერები ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვის კლიმატის, იდეალური სანაპირო ზოლისა და მთების გამო მიდიან.
ერთი ადამიანის ცხოვრების ყოველთვიური ღირებულება (ბინის ქირის გამოკლებით) არის მხოლოდ 676 დოლარი. იაფია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საკვები და ტაქსის ტარიფები.
ერთოთახიანი ბინის ტიპიური ქირა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით დაახლოებით 510 დოლარია თვეში.
ტაილანდი: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 609 დოლარი
ტაილანდი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ღიმილის ქვეყანა", ემიგრანტი პენსიონერებისთვის ძალიან მიმზიდველია.
ფანტასტიკური სამზარეულოთი, მეგობრული ხალხით, დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით, ჯანდაცვის გამორჩეული სისტემით და ტროპიკული კლიმატით, ქვეყანა ხანდაზმულებისთვის სამოთხეა.
Numbeo-ს შეფასებით, ერთი ადამიანის ცხოვრების ყოველთვიური ღირებულება, ქირის ან იპოთეკის გადახდის გარეშე, არის 609 დოლარი.
ტაილანდში კვება საოცრად იაფია. ერთოთახიანი ბინის ქირაობა კი თვეში დაახლოებით 250 დოლარია.
თურქეთი: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 599 დოლარი
თურქეთში სამედიცინო ტურიზმი საკმაოდ კარგად განვითარებულია.
მსოფლიო საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, დანაშაულის დონე დაბალია. რაც შეეხება ცხოვრებას - თვეში დაახლოებით 599 დოლარი დაგჭირდებათ.
თურქეთში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დასასვენებელი აქტივობები და კვება საკმაოდ ხელმისაწვდომია. ერთოთახიანი ბინის დაქირავება ქალაქის ცენტრიდან მოშორებით თვეში დაახლოებით 400 დოლარადაა შესაძლებელი.
მაროკო: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 485 დოლარი
მაროკო სწრაფად გახდა მიმზიდველი ადგილი როგორც პენსიონერებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
ქვეყანა განსაკუთრებით პოპულარულია ფრანგი პენსიონერებისთვის. ჩრდილოეთ აფრიკის ერს ფრანგული ჟურნალის Retraite Sans Frontières -პენსია საზღვრებს გარეშე - რეიტინგში მეხუთე საუკეთესო საპენსიო ადგილი უკავია.
ხელისაწვდომია ჯანდაცვა და დაბალია დანაშაულის მაჩვენებელი.
იაფია საკვები, კომუნალურები და სხვა საცხოვრებელი ხარჯები.
ყოველთვიური ცხოვრების ხარჯები მაროკოში დაახლოებით 485 დოლარია.
ერთოთახიანი ბინის ქირის ღირებულება ქალაქების გარეუბნებში საშუალოდ 196 დოლარია თვეში.
ვიეტნამი: ყოველთვიური ცხოვრების ღირებულება საშუალოდ 470 დოლარი
ემიგრანტი პენსიონერები სულ უფრო მეტად ირჩევენ ვიეტნამს. ქვეყანა მათ ცხოვრების დაბალ ხარჯებს და კომფორტს სთავაზობს.
ვიეტნამის ტროპიკული კლიმატი, ლამაზი სანაპირო ზოლი და გემრიელი სამზარეულო, ძალიან მიმზიდველი და იაფია. ეს ყველაფერი კი შერწყმულია ჯანდაცვის მაღალ სტანდარტებთან, დანაშაულის დაბალ მაჩვენებელთან და სხვა კომფორტთან.
ცხოვრების ყოველთვიური ღირებულება ერთ ადამიანზე მხოლოდ 470 დოლარს შეადგენს.
დაბალია კვების, კომუნალურების, საზ. ტრანსპორტის და სხვა ხარჯები.
ერთოთახიანი ბინის ქირა ქალაქების ცენტრიდან მოშორებით, თვეში დაახლოებით 200 დოლარია.
წყარო: lovemoney.com