მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი Rolls-Royce-ის Boat Tail-ია. Autostartransport-ის რეიტინგის თანახმად, მისი ღირებულება 30 მლნ დოლარს შეადგენს. Boat Tail წარმოადგენს 1910-იანი წლების Rolls-Royce Ltd-ის Boat Tail-ის განახლებულ მოდელს. ინსპირაციის წყარო კი 1920-იანი და 1930-იანი წლების იახტები გახდა. Boat Tail განახლებული მოდელი 2021 წელს გამოვიდა. ის 1.8 ათასზე მეტი შეკვეთილი ნაწილისგანაა დამზადებული. ჯამში წარმოებულია 3 მოდელი. ავტომობილის უკანა ნაწილი არის სენსორული და იხსნება პეპლის ფრთების მსგავსად. აღნიშნულ ადგილას, რომელსაც გემბანს უწოდებენ, განთავსებულია ქოლგა, მცირე ზომის მაგიდა, სკამები, ალკოჰოლური სასმელები, მაცივარი, ჭურჭლის სრული კომპლექტი და ა.შ.
ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების ათეულში მეორე ადგილს 2019 წელს წარმოებული Buggati La Voiture Noire იკავებს, რომელიც საკულტო Type 57 SC Atlantic-ის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ავტომობილის დამზადებისთვის გამოიყენება ძირითადად შეკვეთილი ნაწილები და შეზღუდული რაოდენობით, ერთი მოდელი იწარმოვა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ ავტომობილად აქცევს. მისი ღირებულება 19 მილიონ დოლარს შეადგენს.
ძვირადღირებულ ავტომობილებს შორის მესამე ადგილს იკავებს 2017 წელს გამოშვებული Pagani Zonda HP Barchetta, რომელიც მსოფლიოში სულ სამი ეგზემპლარია. აქედან ერთ-ერთს Pagani Automobili S.p.A-ის დამფუძნებელი, ჰორაციო პაგანი თავად ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი მოდელი 2022 წელს ხორვატიაში Supercar Circle-ის Owners ღონისძიებაზე მონაწილეობდა და დაიმტვრა, მისი შეკეთება კი მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. ავტომობილის ღირებულება 17.5 მილიონ დოლარს აღწევს.
რეიტინგში Rolls-Royce-ის კიდევ ერთი ავტომობილი Sweptail-იც მოხვდა. მოდელი ამ შემთხვევაში შთაგონებულია მე-20 საუკუნის დასაწყისის იახტებით. ავტომობილის წარდგენა 2017 წელს განხორციელდა და იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის სტატუსი მოიპოვა, 2019 წელს კი მას Bugatti La Voiture Noire-მ გადაუსწრო. სულ წარმოებულია ერთი მოდელი, ღირებულება ამჟამად 13 მილიონ დოლარს შეადგენს.
მეხუთე ადგილი ერგო 2019 წელს Bugatti-ს 110-ე საიუბილეო წლისთავისთვის შექმნილ Centodieci-ს. მისი ღირებულება 9 მილიონ დოლარს უტოლდება. მსოფლიოში სულ 10 მოდელია წარმოებული. Centodieci დიზაინს იღებს Bugatti-ს EB110 მოდელიდან. Centodieci-ის იშვიათი დიზაინი, ექსკლუზიური წარმოება და მცირე რაოდენობა განაპირობებს მის მაღალ ფასს.
2005 წელს გამოშვებულ Maybach Exelero-ს ერგო რეიტინგში მეექვსე ადგილი. მისი ღირებულება 8 მილიონ დოლარს შეადგენს. ავტომობილს გააჩნია გამორჩეული დიზაინი და მდიდრული ინტერიერი. ამასთანავე, ესაა ლიმუზინების დიზაინით შთაგონებული ავტომობილი, რომელიც აერთიანებს სპორტული ავტომობილების ელემენტებს. სულ Maybach Exelero-ს ერთი მოდელია წარმოებული.
მეშვიდე ადგილი ერგო 2018 წელს გამოშვებულმა Bugatti Divo-მ. ეს მოდელი უნიკალურია მისი აეროდინამიკური დიზაინით და ძლიერი W16 ძრავით. მსოფლიოში სულ Divo-ს 40 ერთეულია, რაც მის ექსკლუზიურ დიზაინთან და შესაძლებლობებთან ერთად, მისი ღირებულების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. ფასი ამჟამად 5.9 მილიონ დოლარს შეადგენს.
2010 წელს შევიდა ექსპლუატაციაში Koenigsegg CCXR Trevit, რომელიც რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს. ასეთი ავტომობილი სულ მსოფლიოში 2 ერთეულია, რაც განპირობებულია მისი ექსკლუზიურად დამზადებული ნაწილების მცირე რაოდენობით. მოდელის ღირებულება 4.8 მილიონ დოლარს უტოლდება.
რეიტინგში მე-9 ადგილი ერგო Lamborghini Veneno Roadster-ს, რომელიც ასევე შეზღუდული გამოშვების ავტომობილია. მოდელის წარდგენა 2014 წელს Lamborghini-ს 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. კომპანიამ სულ Veneno Roadster-ს 9 ერთეული გამოუშვა, რაც მას ერთ-ერთ უიშვიათეს მოდელად აქცევს. ღირებულება 4.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების ათეულს ხურავს Pagani Huayra BC, რომელიც Pagani-ს საინჟინრო ოსტატობის მწვერვალად მიიჩნევა. Huayra BC 2016 წელს წარადგინეს და დებიუტიდან მალევე, წარმოების დაწყებამდე წინასწარ გაიყიდა 20-ვე ერთეული. ჯამში აღნიშნული მოდელის 20 ერთეულია წარმოებული. ღირებულება ამ შემთხვევაში 4 მილიონ დოლარს შეადგენს.