„მე არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ავტომობილის საბავშვო სავარძელი სავალდებულო არ უნდა იყოს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სავარძლების არსებობის შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ბავშვის სიცოცხლე 70%-ით არის დაცული.
„არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ავტომობილის საბავშვო სავარძელი სავალდებულო არ უნდა იყოს, სწორედ რომ სავალდებულო უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვეთანხმებით იმას, რომ სავარძლის საკითხი სოციალურ მდგომარეობასა და ფინანსურ გამოწვევებს უკავშირდება. თუ ავტომობილი გყავს, ერთ საბურავში იხდი 250-300 ლარს, უნდა ჩათვალო, რომ ბავშვის სავარძელი არის შენი ავტომობილის განუყოფელი ნაწილი და შეიძინო. საბავშვო სავარძელი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ავტონაწილი.
ხშირად მძღოლები ავტომობილში კომფორტის შესაქმნელად ხარჯავენ ბევრ ფულს, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი ავზი 200 ლარამდე ჯდება და რა გახდა, რომ ბავშვის უსაფრთხო მგზავრებისთვის სავარძელი იყოს ავტომობილში? საგზაო შემთხვევის დროს ბავშვის სიცოცხლე არის დაახლოებით 70%-ით დაცული, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. მაგალითად, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ავტომობილში საგზაო შემთხვევის შედეგად ყველა დაღუპულა და ბავშვი გადარჩენილა სავარძლის გამო. საბავშვო სავარძელი არის მთავარი დამცველი უსაფრთხოების კუთხით. წლებია ვითხოვთ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი პოზიცია და ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სავარძელი გახდეს სავალდებულო,“ - განაცხადა მესხიშვილმა.