ლომთაძის Kaspi თურქეთის ბაზარზე შევიდა - როგორია კომპანიის კაპიტალიზაცია

ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქეთში ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა Hepsiburada-ს აქციების, დაახლოებით, 65%-ის შეძენის შესახებ.

ამის შესახებ Kaspi.kz-ს განცხადებაში წერია, რომელიც მის Facebook-გვერდზე ვრცელდება.

Kaspi.kz-ის მმართველისა და თანადამფუძნებელ მიხეილ ლომთაძის განცხადებით, სამიზნე ბაზრის 100 მლნ ადამიანამდე გაფართოება მისი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პრიორიტეტია.

Hepsiburada 2000 წელს ჰანზადე დოგანის მიერ დაარსდა,რომელიც Kaspi.kz-თან გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერია. მისი კომპანია მომხმარებელთა მომსახურებაზე, ტექნოლოგიაზე, ლოგისტიკასა და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ფართო სპექტრზე ფოკუსირებით განვითარდა. 2023 წელს Hepsiburada-ს მომსახურებით, დაახლოებით, 12 მლნ მომხმარებელი და 101 ათასი პარტნიორი მაღაზია სარგებლობდა, ხოლო კომპანიის პლატფორმის მეშვეობით გაყიდული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 4 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიას 10 ათასი თანამშრომელი ჰყავს. 2021 წელს Hepsiburada თურქეთში პირველი და ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც თავისი აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე მსოფლიოს ტექნიკურ გიგანტებს შორის განათავსა.

NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზეა ლომთაძის Kaspi.kz-ც. ამ დროისთვის კომპანიის კაპიტალიზაცია 22.28 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მლრდ დოლარით მეტია, 2023 წლის 21 ოქტომბრისთვის Kaspi 17.22 მლრდ დოლარი ღირდა. ამასთან, 2024 წლის 21 ოქტომბერს NASDAQ-ზე კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 115.2 დოლარს შეადგენს.

ამჟამად Kaspi-ს, დაახლოებით, 14 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩართული მობილური აპლიკაციაა. კერძოდ, 100 ყოველთვიური მომხმარებლიდან 65-ზე მეტი აპლიკაციაში ყოველდღიურად შედის. კომპანიის გუნდი 9,000-ზე მეტ ადამიანს მოიცავს.

Hepsiburada Group-ის დამფუძნებლისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ჰანზადე დოგანის შეფასებით, „Kaspi.kz იდეალური პარტნიორია, რომელიც თურქეთის ელექტრონული კომერციის ბაზარზე Hepsiburada-ს თავისი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.“

ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ორივე კომპანია შესაბამის ბრენდებს და საოპერაციო სტრუქტურებს შეინარჩუნებს.

გარიგების თანხა, დაახლოებით, 1.127 მლნ დოლარია. ტრანზაქცია სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში, თურქი მარეგულირებლების მხრიდან ნებართვების მიღებისა და აუცილებელი სამართლებრივი პროცედურის დასრულების შემდეგ დაიხურება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ