„მცირე ბიზნესების ნაწილი თანხებს მომართავენ საქართველოსკენ, აქ ხდება მანქანების შეძენა, მათი ტრანსპორტირება ყაზახეთსა და ყირგიზეთში და იქიდან ნაწილის რეექსპორტი რუსეთში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, შესაძლოა, ყირგიზეთიდან მცირე ბიზნესების ნაწილი ავტომობილების შეძენისთვის სწრაფი ფულადი გზავნილების ინსტრუმენტს იყენებდეს და სწორედ ამას უკავშირდებოდეს ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა.
შეგახსენებთ, 2024 წლის სექტემბერში საქართველოში სულ 283.385 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, აქედან 9.195 მლნ დოლარი ყირგიზეთზე მოდიოდა. მართალია, მთლიან გზავნილებში ყირგიზეთის წილი დაბალია, თუმცა თავად ყირგიზეთიდან გადმორიცხვები წლიურად საკმაოდ მნიშვნელოვნად - 111.5%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ყაზახეთს, იქიდან სექტემბერში 8.075 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 56%-იან კლებაზე მიუთითებს.
„ერთადერთი ლოგიკური ახსნა, რაც შეიძლება ჰქონდეს ამას, არის ის, რომ ბოლო ორი წელია საკმაოდ გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან ყირგიზეთში, ეს ძირითადად მოდის ავტომობილებზე. ვარაუდის დონეზე ვიცით, რომ ამ ავტომობილების ნაწილი შემდეგ გადის რუსეთში. ფაქტობრივად, ყირგიზეთი, ისევე როგორც ყაზახეთი ასრულებს კორიდორის ფუნქციას. კერძოდ, შეიქმნა რაღაც ტიპის ჰაბი ყაზახეთსა და ყირგიზეთში - საქართველოში ხორციელდება ავტომობილების იმპორტი, საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ხდება რეექსპორტი და შემდეგ მათი კიდევ ერთხელ რეექსპორტი ხორციელდება რუსეთის ფედერაციაში.
ეს თავისთავად აჩენს რაღაც ტიპის ბიზნეს კავშირებს ამ ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი არხი ბიზნესკავშირების ფინანსებით მომარაგების იქნება ის ფულადი გზავნილები. თეორიულად შეგვიძლია დავუშვათ, რომ სავარაუდოდ, მცირე ბიზნესების ნაწილი თანხებს მომართავენ საქართველოსკენ, აქ ხდება მანქანების შეძენა, მათი ტრანსპორტირება ყაზახეთსა და ყირგიზეთში და შემდეგ მათი რეექსპორტი რუსეთში. იმისთვის, რომ ეს პროცესი შედგეს შესაძლოა, თანხების სამოძრაოდ გამოყენებულ იქნას სწრაფი ფულადი ტრანსფერების ინსტრუმენტი“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 907.98 მლნ დოლარი შეადგინა, ეს კი მაშინ, როცა გასულ წელს 494.53 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყირგიზეთში განხორციელებული ექსპორტის უდიდესი ნაწილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. მაგალითისთვის, წელს საქართველომ ყირგიზეთში 838.37 მლნ დოლარის, 23 209 ერთეული ავტომობილი გავიდა, გასულ წელს კი 427.63 მლნ დოლარის ღირებულების 11 122 ერთეული.
რაც შეეხება ყაზახეთს, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან 634.92 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 503.69 მილიონი დოლარის. ამ შემთხვევაშიც უდიდესი ნაწილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველოდან ყაზახეთში გავიდა 37 304 ავტომობილი, რომლის ღირებულებამაც ჯამურად 551.47 მლნ დოლარს გადააჭარბა, გასული წლის 9 თვეში კი ექსპორტირებულია 414.94 მლნ დოლარის 26,586 ერთეული ავტომობილი.