საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი, 64%-იანი ზრდა სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით ფიქსირდება.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყნებს შორის 22.313 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 13.594 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში, მოლდოვაში 8.402 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც მცირედით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შარშან 9 თვეში 8.292 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მოლდოვიდან 13.911 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 5.302 მლნ აშშ დოლარის.
საქართველოსთვის ფულად გზავნილებში მოლდოვა 18-ე ადგილზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს სექტემბერში 525.1 ათასი აშშ დოლარი გადმორიცხა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. შარშან სექტემბერში ქვეყნიდან 384.9 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორების მიმართულებით კი ზრდამ 21.4% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, 3 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანას მოლდოვის 11 108 მოქალაქე სტუმრობდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 9 157.
რაც შეეხება ინვესტიციებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წელს, მეორე კვარტალში 55.9 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 40.4 ათასი აშშ დოლარის.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმი მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუსა და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება რეფერენდუმს, მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოქმების 98,3%-ის დამუშავების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული ვექტორის შეტანის მხარდამჭერთა რაოდენობამ მოწინააღმდეგეების რაოდენობას გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეების 50,07%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,93%-მა კი ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა.