საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ჯამში 23 000 ლარით დააჯარიმა. საუბარია, სს „კავკასრეესტრზე“, რომელსაც სებ-ის ინფორმაციით, რამდენიმე დარღვევის ფაქტი დაუდგინდა.
კერძოდ, გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა. უფრო კონკრეტულად, როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, შემოწმების პროცესში დაფიქსირდა, შემმოწმებელთა ჯგუფისთვის კლიენტებს შორის დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის 1 ფაქტი და კლიენტთა ბაზის არასწორად წარმოდგენის 1 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 4,000 ლარი.
გარდა ამისა, სებ-ის განცხადებით, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამ კლიენტზე მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის მოპოვებული ხელმძღვანელობისგან მაღალ რისკიან პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, სულ - 6 000 ლარი.
ასევე, განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ფიქსირდება საეჭვო გარიგების შესახებ ერთი ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტორნული) სისტემის ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით.
შედეგად, ზემოთ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, სს „კავკასრეესტრი“ 23, 000 ლარით დაჯარიმდა.