OIV: ღვინის მსოფლიო წარმოება 60-წლიან მინიმუმამდე შემცირდება

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) წელს ღვინის გლობალურ წარმოებას 250 მლნ ჰექტოლიტრით პროგნოზირებს, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში მეორე ყველაზე დაბალ დონედ ითვლება.

ინფორმაციას Wein.plus ავრცელებს.

OIV-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ბარკერის მონაცემებით, 2023 წელს ღვინის გლობალურმა წარმოებამ 237 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა. ეს 1961 წლის შემდეგ ღირებულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რისი მიზეზიც ექსტრემალური ამინდის პირობები, კერძოდ, გვალვები, ყინვები და წყალდიდობებია.

OIV-ის წლევანდელი პროგნოზი ძირითადი მწარმოებლების, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, აშშ-ისა და სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების წინასწარ შეფასებებს ეფუძნება. ღვინის მსოფლიო წარმოებაში ამ ქვეყნების წილი სამ-მეოთხედს შეადგენს.

მართალია, წელს ღვინის წარმოების მოცულობა ესპანეთში, იტალიაში, ავსტრალიასა და არგენტინაში, გასულ წელთან შედარებით, ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც საშუალო დონეზე რჩება. წვიმის შედეგად მძიმედ დაზარალდა საფრანგეთი და ჩილეც, სადაც, შარშანდელთან შედარებით, ყურძნის ნაკლები მოსავალია.

ჯონ ბარკერი ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ღვინის გლობალური წარმოება 250 მილიონიდან 300 მლნ ჰექტოლიტრს შორის მერყებდა. მისი აზრით, ბოლო წლებში მცირე მოსავლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კლიმატისა და სამომხმარებლო ჩვევის ცვლილებაა.

ცნობისთვის: OIV 1924 წელს, მსოფლიო მევენახეობაში ვითარების ჰარმონიზაციის მიზნით, ღვინის საერთაშორისო ბიუროს სახით შეიქმნა. წელს მას 100 წელი შეუსრულდა. დღეს OIV ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ღვინის მთავარ მწარმოებლებს აერთიანებს. მისი წევრები მსოფლიოში არსებული ღვინის 87%-ზე მეტს აწარმოებენ. ამჟამად OIV წევრია 50 ქვეყანა, ასევე, 18 დამკვირვებელი ორგანიზაცია და 500-ზე მეტი დარგის ექსპერტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ