კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების Forbes-ის წლევანდელ რეიტინგშიც ლიდერობს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა პორტუგალიელი ფეხბურთელი რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს.
ზოგადად, რეიტინგში ფეხბურთელების ხელფასის, პრემიებისა და საიმიჯო უფლებებიდან მიღებული თანხის ჩათვლით, 2024-25 წლების სეზონის შემოსავალი არის გათვალისწინებული. ფეხბურთის გარე შემოსავალი მოიცავს რეკლამას, ლიცენზირებას, ღონისძიებებში მონაწილეობასა და სუვენირების გაყიდვებს, ასევე, მოთამაშეების საკუთრებაში არსებული ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალს. მონაცემები ღია წყაროებიდან და ინდუსტრიის ექსპერტებთან ჩაწერილი ინტერვიუებიდან არის აღებული.
ამდენად, რონალდუმ წლევანდელ სეზონზე რეკორდული 285 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან 220 მლნ დოლარი საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრიში“ აღებული ხელფასი და პრემიებია, ხოლო 65 მლნ დოლარი რეკლამებიდან, საკუთარი ბრენდ CR7-იდან და სხვა ბიზნეს-პროექტებიდან მიღებული შემოსავალია.
მეორე ადგილზე 135 მლნ დოლარით ლიონელ მესია. აქედან 60 მლნ დოლარი “ინტერ-მაიამიში” აღებული ხელფასია, ხოლო 75 მლნ დოლარი Adidas-თან, Apple TV-სთან და Konami-თან დადებული სარეკლამო კონტრაქტების შემოსავალია. არგენტინელი ფეხბურთელი სარეკლამო შემოსავლით ლიდერია და ახლახან საკუთარი საპროდიუსერო კომპანია 525 Rosario-ც დააარსა.
სატრანსფერო ხარჯის შემცირების მიუხედავად, საუდის არაბეთის პრო-ლიგას რეიტინგში ოთხი მოთამაშის სახით ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს. კერძოდ, რონალდუს გარდა, ათეულში მოხვდნენ 32 წლის ნეიმარი (110 მლნ დოლარი), კარიმ ბენზემა (104 მლნ დოლარი) და სადიო მანე (52 მლნ დოლარი).
ინგლისის პრემიერ-ლიგა რეიტინგში სამი მოთამაშით არის წარმოდგენილი. ესენი არიან: ერლინგ გოლანდი (60 მლნ დოლარი), რომელმაც “მანჩესტერ-სიტის” მაისურით გამართულ 108 მატჩში 101 გოლი გაიტანა, ასევე, მოჰამედ სალაჰი (53 მლნ დოლარი), რომლის კონტრაქტი „ლივერპულთან“ მომავალ წელს იწურება და კევინ ბრუინი (39 მლნ დოლარი).
რეიტინგში ესპანურ ლა-ლიგას 90 მლნ დოლარით კილიან მბაპე წარმოადგენს, რომელიც ”მადრიდის რეალში” რეკორდული სატრანსფერო ფასით გადავიდა. მის გარდა, რეიტინგში ვინისიუს ჯუნიორია, რომლის შემოსავალმაც 55 მლნ დოლარი შეადგინა.
ათეულს მიღმა ისეთი ვარსკვლავები დარჩნენ, როგორიც რობერტ ლევანდოვსკი (“ბარსელონა”), ჰარი კეინი (“ბაიერნი”) და რაჰიმ სტერლინგია (“ჩელსი”).
მოამზადა ლადო სულაბერიძემ