თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე.
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. მიწის ნაკვეთების აზომვა-რეგისტრაცია 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი), უსასყიდლოდ, მიმდინარეობს.