“თურქული ბაზარი თავისი სტრუქტურითა და ეკონომიკური მონაცემებით ყაზახურს ჰგავს” - ლომთაძე

თურქული ბაზარი თავისი სტრუქტურითა და ეკონომიკური მონაცემებით ყაზახურს ჰგავს, ხოლო ბაზრის ზომა, სადაც 85 მილიონზე მეტი ადამიანია, Kaspi.kz-ისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ასე განმარტავს Kaspi.kz-ის მმართველი და თანადამფუძნებელი, მიხეილ ლომთაძე თურქეთის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებას.

21 ოქტომბერს Kaspi.kz-მა თავის Facebook-გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ კომპანია თურქეთში ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა Hepsiburada-ს აქციების, დაახლოებით, 65%-ს ყიდულობს. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ორივე კომპანია შესაბამის ბრენდებს და საოპერაციო სტრუქტურებს შეინარჩუნებს. გარიგების თანხა, დაახლოებით, 1.127 მლნ დოლარია. ტრანზაქცია სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში, თურქი მარეგულირებლების მხრიდან ნებართვების მიღებისა და აუცილებელი სამართლებრივი პროცედურის დასრულების შემდეგ დაიხურება.

ამასთან, ლომთაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი უფრო ის იყო, თუ რას წარმოადგენს თავად თურქული კომპანია, რომელსაც Kaspi ყიდულობს.

“მას მეტად ძლიერი მენეჯმენტი ჰყავს, ხოლო მისი დამფუძნებლისა და Kaspi-ის ხედვა ერთმანეთს შეესაბამება - შექმნას მომსახურება, რომელიც ცხოვრებას აუმჯობესებს. ეს კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მომსახურების ხარისხს, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო,” - აცხადებს ლომთაძე.

მისი თქმით, თურქეთი და Hepsiburada იმიტომ შეირჩა, რომ “ქვეყანასაც მიმზიდველი სტრუქტურული მაჩვენებლები აქვს და კომპანიაც უნიკალურია.”

ცნობისთვის: Hepsiburada 2000 წელს ჰანზადე დოგანის მიერ დაარსდა,რომელიც Kaspi.kz-თან გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერია. მისი კომპანია მომხმარებელთა მომსახურებაზე, ტექნოლოგიაზე, ლოგისტიკასა და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ფართო სპექტრზე ფოკუსირებით განვითარდა. 2023 წელს Hepsiburada-ს მომსახურებით, დაახლოებით, 12 მლნ მომხმარებელი და 101 ათასი პარტნიორი მაღაზია სარგებლობდა, ხოლო კომპანიის პლატფორმის მეშვეობით გაყიდული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 4 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიას 10 ათასი თანამშრომელი ჰყავს. 2021 წელს Hepsiburada თურქეთში პირველი და ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც თავისი აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე მსოფლიოს ტექნიკურ გიგანტებს შორის განათავსა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ