„საფრთხე კი არ გვემუქრება, უკვე ადგილზეა - ისეთი მომენტი დადგა, რომ მთელმა საქართველომ უნდა აირჩიოს თავის მომავალი“

„საფრთხე კი არ გვემუქრება, უკვე ადგილზეა. ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, პოლიტიკოსებმა, ელჩებმა, დიპლომატებმა, მოუწოდეს ქართველ ხალხს, რომ თუ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება და იმ საინტერესო პროცესებში ჩართვა, რომელშიც მთელი ევროპაა ჩართული, უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bpn.ge-ს იმ კითხვის საპასუხოთ განუცხადა, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს ბიზნესი და უნდა გააკეთოს მომავალმა ხელისუფლებამ არსებული პრობლემების დასაძლევად.

მისი თქმით, დღეს ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან დადგა მომენტი, როცა მთელმა საქართველომ თავის მომავალი უნდა აირჩიოს.

„დღეს ჩვენი მიზანი არის, რომ 26 ოქტომბერს ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და პატივი ვცეთ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მისწრაფებას ევროპისკენ. ეს დადასტურებული ფაქტია და მე ვფიქრობ, კამათი არ სჭირდება. ამიტომ, ცალკე ბიზნესი რას ფიქრობს, საინტერესო არ არის. უკვე ისეთ მომენტი დადგა, რომ მთელმა საქართველომ უნდა აირჩიოს თავის მომავალი. რაც უფრო სწორ არჩევანს გააკეთებს, მით უფრო გვეცოდინება, რა მომავალი გველის. ასეთ ვითარებაში, დღეს ბიზნესს რა გამოწვევები აქვს, ჩემთვის საინტერესო არ არის.

საფრთხე კი არ გვემუქრება, უკვე ადგილზეა. ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, პოლიტიკოსებმა, ელჩებმა, დიპლომატებმა, მოუწოდეს ქართველ ხალხს, რომ თუ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება და იმ საინტერესო პროცესებში ჩართვა, რომელშიც მთელი ევროპაა ჩართული ( იქნება ეს კულტურა, განვითარება თუ ფინანსირება), უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი. სწორი არჩევანი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სჭირდება კოალიციური მთავრობა. ამის საფუძველი არსებობს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გარშემო შეკრებილმა პარტიებმა უნდა დაიცვან ის ქარტია, რომელსაც ხელი მოაწერეს.

უმოკლესი გზა, რომ ევროპასთან აღდგეს ნორმალური ურთიერთობა (ჯერ აღსადგენია და მერე უნდა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯზე), ეს იქნება. იმისთვის, რომ ევროპასთან გვქონდეს სწორი, დიპლომატიური, ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობა, ერთადერთი ნდობით აღჭურვილი პირი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იქნება გზამკვლევი და ნდობით აღჭურვილი პირი ევროპის მმართველებთან“,- ამბობს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდები.

ნინი ქეთელაური