ისლამური ფინანსური ბაზრის საშუალოწლიური ზრდა 10%-ს გადააჭარბებს

ხუთი წლის განმავლობაში, ანუ 2024-იდან 2029 წლამდე პერიოდში ისლამური ფინანსური ბაზრის საშუალოწლიური ზრდა 10%-ზე მეტი იქნება, ხოლო ამ ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეთიკური ინვესტიცია სახელდება.

ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

ისლამური ფინანსები, რომელიც ოდესღაც, ძირითადად, მუსლიმი მოსახლეობის ქვეყნებში ვითარდებოდა, ამჟამად მთელ მსოფლიოში ვრცელდება. მომავალ წელს ისლამური ფინანსების წილი გლობალურ აქტივებში, დაახლოებით, 5 ტრლნ დოლარი იქნება.

ისლამური ფინანსები, რომელიც გასული 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 10-12%-ით იზრდებოდა, სხვადასხვა სექტორს, მათ შორის, საბანკო, კაპიტალისა და ფულის ბაზრებს, ასევე, დაზღვევას მოიცავს.

ისლამური ფინანსები როგორც მუსლიმ, ისე არამუსლიმ ინვესტორებს ეთიკური საინვესტიციო პრინციპების გლობალური ცნობიერების გამო იზიდავს. კერძოდ, მუსლიმანური სამყაროს გარეთ დიდი ბრიტანეთი ისლამური ფინანსების პრაქტიკაში პიონერი იყო. ლონდონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისლამური საბანკო-საფინანსო ცენტრია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუვერენული სუკუკის (ისლამური ობლიგაციების) გამოშვებით საერთაშორისო ინვესტიციები არაერთხელ მიიზიდა.

ამასთან, ლუქსემბურგი ევროზონის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2014 წლის სექტემბერში 200 მლნ ევროს ღირებულების სუკუკი 5 წლის ვადით გამოუშვა.

ამ ბაზარზე, ასევე, სამხრეთ აფრიკა გამოირჩევა, რადგან მის ბანკებს ისლამურ ფინანსებთან თავსებადი ფინანსური პროდუქტები აქვთ. მათ როგორც მუსლიმები, ასევე, სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები იყენებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ