გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს ისეთი თანხა, რამაც საქართველოს ინტერესები შეიძლება გადაწონოს

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს ისეთი თანხა, რამაც საქართველოს ინტერესები შეიძლება გადაწონოს - დე ფაქტო დაყადაღებულ თანხებთან დაკავშირებით მის ნათქვამს სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკიმ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „როდესაც ჩვენ შორის არის რაღაც თემა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, არ შეიძლება დავსხდეთ და სახელმწიფო ურთიერთობების საკითხებზე ვილაპარაკოთ“.

„ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება სასაუბროდ დაჯდე მაშინ, როდესაც შენი ფინანსური რესურსი დე ფაქტო დაყადაღებულია, რადგან არავინ ჩათვალოს, რომ ფულზეა საუბარი და ფულის საკითხის განხილვა მიდის, რომ არავინ ფულზე ლაპარაკი არ დაუშვას! ბიძინა ივანიშვილმა თქვა ეს და გადმოთარგმნეთ ისე, რომ ვინმეს ფულის გამო არ შეხვდა.

როდესაც ჩვენ შორის არის რაღაც თემა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, არ შეიძლება დავსხდეთ და სახელმწიფო ურთიერთობების საკითხებზე ვილაპარაკოთ, მაშინ როდესაც ჯიბეში გიდევს გარკვეული მექანიზმი, რითაც ზემოქმედებას ახდენ. ასე რომ მე და თქვენ თუ ერთმანეთს ვხვდებით და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვურთიერთობთ, ეს ვერასდროს შედგება, როდესაც თქვენ ისეთი თემა გაქვთ, რითაც ჩემზე გავლენის მოხდენის რესურსი გაგაჩნიათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან აქვე დასძინა, რომ "საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არა თუ გაგრძელდება, არამედ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა".