„მოსავლის ასაღებად ერთი აგრეგატი რომ შეიძინო 0.5 მილიონ ლარზე მეტია საჭირო, თანადაფინანსების პროგრამის 30% კი ძალიან ცოტაა“ - ფერმერი

„მოსავლის ასაღებად ტექნიკა რომ შეიძინო სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის პირობაში ჩადებული აქვს რომ ტექნიკა უნდა იყოს ახალი და ახლის ღირებულება უკვე აჭარბებს ნახევარ მილიონს. არასტაბილური ბაზრის გამო ფერმერებს მისი შეძენის საშუალება არ გვაქვს და ეს ფინანსურად ძალიან დამრტყმელი იქნება ნებისმიერისთვის“, - ამის შესახებ ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერმა ილია ყავრელიშვილმა განაცხადა, რომელიც ახალქალაქში კარტოფილს აწარმოებს.

მისი თქმით, როდესაც ერთი ახალი აგრეგატი ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯდება, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებით მიღებული 30% ძალიან მცირეა და უკეთესი იქნებოდა, პროგრამით მეორეული ტექნიკის შეძენა იყოს შესაძლებელი.

„სახელმწიფოსგან თანადაფინანსება შეადგენს 30%-ს და დანარჩენი უნდა დაფაროს ფერმერმა, რაც ნახევარ მილიონში ძალიან დიდი თანხაა. პირიქით რომ იყოს, რომ 70%-ს სახელმწიფო ფარავდეს და 30%-ს ფერმერი იხდიდეს, ეს მეტი მოტივაცია იქნებოდა ყველასთვის.

როგორც დაბალი შემოსავლების ქვეყანას, კარგი იქნება, სამინისტრომ გაითვალისწინოს და საქართველოში ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით განსაზღვრული იყოს არა ახლის, არამედ, ვთქვათ 5-7 წლის ტექნიკის შეძენა. ეს მეტ საშუალებას და მეტ მოტივაციას მისცემს ბიზნესს“, - აღნიშნა ფერმერმა.

ნათია ზარიძე