რუსულმა მარკეტპლეის Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები დაიწყო, რაც ქართული პარტნიორი კომპანიის ფრენჩაიზით განხორციელდება.
ინფორმაციას გაერთიანებული კომპანია Wildberries & Russ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ქართველ მომხმარებელს წვდომა ექნება საქონლის ფართო ასორტიმენტზე, რომელიც ტანსაცმლის, სილამაზისა და ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სარემონტო მასალის, ბაღის, სააგარაკო და სხვა კატეგორიის 8 მილიონზე მეტ პროდუქტს მოიცავს.
პირველ ეტაპზე ფრენჩაიზი მიწოდებას თბილისში, შეკვეთების გამცემ პუნქტში განახორციელებს. მიწოდების დრო, დაახლოებით, 7 დღე იქნება. კომპანია, ასევე, საკურიერო მომსახურების ჩაშვებას განიხილავს.
Wildberries-ის ქართული ფრენჩაიზი რეგიონში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ Wildberries-ის ქართულენოვანი საიტი უკვე აქტიურად მუშაობს. კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ფრენჩაიზი შპს ტრანსკომ გრუპია. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კი, ეს უკანასკნელი საქართველოში 2022 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს ტრანსკომ გრუპ-ის 100%-იანი წილი დიანა ზვამბაიას ეკუთვნის.
ცნობისთვის: Wildberries & Russ ციფრული სავაჭრო პლატფორმის შესაქმნელად Wildberries-ისა და გარე რეკლამის ოპერატორ Russ-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა. ამჟამად კომპანია რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ჩინეთში ოპერირებს.
Wildberries-ის დამფუძნებელი და მმართველი, ტატიანა ბაკალჩუკი 2022 წლის ოქტომბერში უკრაინამ სანქცირებული 256 რუსი ბიზნესმენისა და მათი ოჯახის წევრების სიაში შეიყვანა. ასევე, 2022 წლის აპრილში პოლონეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სია გამოაქვეყნა, რომელშიც 50 სუბიექტი, მათ შორის 35 კომპანია და 15 ფიზიკური პირი შეიყვანა. სიაში Wildberries და ტატიანა ბაკალჩუკიცაა. პოლონური სანქციები ამ კომპანიის ფინანსური აქტივებისა და ქონების გაყინვას ითვალისწინებს, ასევე, ტენდერებში მის მონაწილეობას გამორიცხავს, თავად ბაკალჩუკს კი პოლონეთში შესვლა აეკრძალა.
ტატიანა ბაკალჩუკი „პარალელური იმპორტის“ ერთ-ერთი ინიციატორი, ხოლო მისი Wildberries ამ იმპორტში წამყვანი ონლაინ კომპანიაა. უკრაინის ომის დაწყებისას ბაკალჩუკმა 8.3 მლრდ დოლარი დაკარგა და მისი ქონება 4,7 მლრდ დოლარამდე განახევრდა. Forbes-2022-ის ყველაზე გაღარიბებული რუსი მილიარდერების სიაში ბაკალჩუკმა მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა „პარალელური იმპორტის“ ლეგალიზების შემდეგ Wildberries-ის ბრუნვა, თითქმის, გაორმაგდა. Forbes-2024-ის რუსი მილიარდერების სიაში ბაკალჩუკს 22-ე ადგილი უკავია და მისი ქონება თავიდან 7,4 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმის შედეგად 4,1 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ამის მიუხედავად, ბაკალჩუკი რუსეთში ყველაზე მდიდარ ქალად რჩება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ