მეტროსადგური „გურამიშვილის“ რეაბილიტაციას წლებია იგეგმება. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, თუმცა 2018 წლის, მას შემდეგ რაც მეტრო „ვარკეთილში ჭერი ჩამოინგრა, „გურამიშვილის“ რეაბილიტაციაც შეჩერდა.
აღნიშნულის შემდეგ „გურამიშვილის“ მეტროსადგურის პროექტს ექსპერტიზა ჩაუტარდა და პროექტი დაიწუნეს. დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ, 2022 წლისთვის დაგეგმილი იყო პროექტირება, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულა.
ამჟამად „გურამიშვილი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება, თუმცა მეტროსადგურში არასახარბიელო მდგომარეობაა, რასაც ხშირად მოქალაქეებიც აღნიშნავენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება მეტრო „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, მომავალ წლებში დაგეგმილია 12 სადგურის რეაბილიტაცია, საიდანაც ერთ-ერთი „გურამიშვილი“ იქნება.
„მომდევნო წლებში დაგეგმილია 12 სადგურის რეაბილიტაცია-განახლება და „გურამიშვილი“ ერთ-ერთი პირველი იქნება ამ პროექტში“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.