სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა

დღეს, 2024 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა - ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მიმდინარე თვეს უკვე 173.4 მლნ დოლარი გაყიდა. 16 ოქტომბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა და 64.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. მანამდე, 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარიც გამოიტანა, საიდანაც 48.5 მლნ გაიყიდა. მთლიანად კი, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს 342.1 მლნ დოლარი მიაწოდა.

რაც შეეხება წინა წელს, 2023-ში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სავალუტო აუქციონებით ჯამში 166.750 მლნ დოლარი მიაწოდა, ეს კი იმაზე ნაკლებია, ვიდრე წელს მხოლოდ ოქტომბერში აუქციონზე გაყიდული დოლარისა.

როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.

ელზა წიკლაური