„5G ტექნოლოგია ეხება ყველა პროცესის ონლაინ კონტროლს, როგორიცაა ქალაქში საავტომობილო ტრაფიკი, პარკინგი, ნაგვის ურნების შევსების დონე, გეიმინგი, ტრანსპორტი, ტაქსების მოძრაობა. მოკლედ ძალიან ბევრი რამ იქნება შესაძლებელი“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა განაცხადა.
მისი თქმით, 5G ტექნოლოგიის საქართველოში დანერგვა უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.
„მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ოპერატორი, რომლის ძალაუფლებაც ძალიან დიდია, დაფარვის არეალით და ა.შ., გამხდარიყო 5G ლიცენზიების მფლობელი ყველა მიმართულებით. საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდა ლიცენიაშიც.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ 5G ძალიან მნიშვნელოვანია ნივთების ინტერნეტისთვის. ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ისეთი სერვისების ბაზრის გაჩენაზე, რაც უკავშირდება არა ფიზიკური პირების ინტერნეტს, არამედ სწორედ 5G-ზე დაშენებულ სერვისებს.„სმარტ ჰაუსიდან“ დაწყებული დამთავრებული „სმარტ ქალაქებით“.
ეს ეხება ყველა პროცესის ონლაინ კონტროლს, როგორიცაა ქალაქში საავტომობილო ტრაფიკი, პარკინგი, ნაგვის ურნების შევსების დონე, გეიმინგი, ტრანსპორტი, ტაქსების მოძრაობა. მოკლედ ძალიან ბევრი რამ იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნა უჩა სეთურმა.
მან იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელსაც 5G ტექნოლოგიის გამოყენება გაამარტივებს და ბევრად მოქნილს გახდის.
„მაგალითად, ჯანდაცვის სისტემაში 5G გამოყენებული იქნება ისეთი სახით, რომ პაციენტს, რომელსაც სჭირდება მეთვალყურეობა ექნება სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც მოხდება მისი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდება მისი დახმარება.
განსაკუთრებით დიდ ქალაქებში იქნება ეს კომფორტული, სადაც ყველაფრის მოძრაობა, ავტომობილების, ადამიანების, ცხოველების იქნება ონლაინ რეჟიმში გაკონტროლებული. მაგალითად, ნაგვის მანქანა ურნის დასცლელად გამოვა მაშინ, როცა ურნა უკვე სავსე იქნება და არა იმ დროს, როდესაც ეს საჭირო არ არის. რაც შეეხება „სმარტ ოფისს“, გაუმჯობესდება მოწყობილობების ინტერნეტი, ქუჩაში გადახდის აპარატები, სახლში ტექნიკა, აღარ იქნება საჭირო მრიცხველების მაჩვენებლების ამოწერა და ამისთვის ადამიანების შრომა, არ იქნება საჭირო გასაღებები და ა.შ. ბევრი პროცესი გახდება უფრო მარტივი და სწრაფი“, - აღნიშნა უჩა სეთურმა.