„2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაიზარდა პედაგოგების ანაზღაურება“ - ბიძინა ივანიშვილი

2012 წლამდე, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის პრობლემა გაღატაკებას ან პრაქტიკულად, დაღუპვას ნიშნავდა, „ქართული ოცნების“ საამაყო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან მოყოლებული კი, ბიუჯეტიდან, საქართველოს 3 მილიონ 300 ათას მოქალაქეს ვუმკურნალეთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

„2012 წელთან შედარებით, 4 - ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება; თვისობრივად გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და რაც მთავარია, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება.

2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან - 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია;

2012 წლის შემდეგ, აშენდა: 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, 2 თბო ელექტრო სადგური და 1 ქარის ელექტრო სადგური; არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა“, - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.