ბოლო სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი), რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1 144 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეადმისიის სულ 1 150 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 6-ზე გაიცა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 697 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (173); საბერძნეთი (68); შვეიცარია (42); იტალია (29); პოლონეთი (23); ირლანდია (19); ესპანეთი (18) და ა.შ.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, სამ თვეში საქართველოში დაბრუნებულებიდან 271 არასრულწლოვანი იყო.
რაც შეეხება 2023 წლის სრულ სტატისტიკას, შარშან რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4 343 პირზე გაიცა, უარი კი 22-ს ეთქვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.