წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა რეკორდული, უპრეცედენტო შედეგები - პრემიერი

წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა რეკორდული, უპრეცედენტო შედეგები - ეს არის ჩვენი ეკონომიკის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დარგი, რომლის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ზოგადად ქართული სოფლის გაძლიერებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის ყურძენი.

„წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა რეკორდული, უპრეცედენტო შედეგები, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის 320 000 ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება ანალოგიურ შარშანდელ მაჩვენებელს. ღვინის საწარმოებს მოსავალი ჩააბარა 21 000-ზე მეტმა მევენახე ფერმერმა. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში კონკრეტულად გადამუშავდა 290 000-ზე მეტი ტონა ყურძენი და ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა მიაღწია 390 მილიონ ლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მევენახისთვის ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ განვახორციელეთ სუბსიდირება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას, მათ შორის საფერავზეც განხორციელდა სუბსიდირება, რამაც ხელი შეუწყო მოსავლის სრულად დაბინავებას და რა თქმა უნდა, ამითაც გაიზარდა ჩვენი ფერმერების და გლეხების შემოსავალი“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საორგანიზაციო შტაბი იყო შექმნილი, რომელმაც უზრუნველყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება, ჯაში 600 კომპანია იყო ჩართული ღვინის ჩაბარების პროცესში, ეს იყო ღვინის მსხვილი მწარმოებლები, მაგრამ ასევე საშუალო და მცირე მარნები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„მაღალი ხარისხითაც გამოირჩეოდა წლევანდელი მოსავალი, რაც ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია. კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე, შესაბამისად ამ წლის მოსავლის ღვინოებიც იქნება გამორჩეული, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად ხარისხიანი. ეს არის ჩვენი ეკონომიკის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დარგი, რომლის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ზოგადად ქართული სოფლის გაძლიერებაზე და შესაბამისად, ამ მიმართულებით ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.