ყაზახეთი ბთჯ-ით ნავთობექსპორტს ზრდის, რუსული “დრუჟბით” კი ამცირებს

მილსადენის ყაზახურმა ოპერატორმა, “ყაზტრანსოილმა” ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენით მიწოდება, სექტემბერთან შედარებით, დღიურად 12%-ით გაზარდა, მაშინ, როცა რუსულ ნავთობსადენ “დრუჟბით” გერმანიაში ექსპორტი 11%-ით შეამცირა.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს კომპანიაში განუცხადეს.

კერძოდ, ბთჯ-ით დღიური მიწოდება ერთი თვის წინანდელი 138,000 ტონიდან ოქტომბერში 160,000 ტონამდე გაიზარდა, ხოლო “დრუჟბით” 145,000-იდან 133,000 ტონამდე შემცირდა.

“ყაზახეთი რუსეთის პორტების ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტებს აფართოებს, რადგან ევროპაში ყაზახური ნედლეულის მიმართ ინტერესი გაზრდილია,” - წერს Reuters.

ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტი გასული წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის 0,990 მლნ ტონიდან პირველ ცხრა თვეში 10%-ით, ანუ 1,092 მლნ ტონამდე გაიზარდა.

ბთჯ-ის მილსადენს ნავთობი, ძირითადად, თენგიზის საბადოდან მიეწოდება. ამ საბადოზე რემონტის დასრულების შემდეგ ნავთობმოპოვება სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, დღიურად 30%-ით გაიზარდა და 2,590 მლნ ტონა, ანუ დღეში 687,160 ბარელი შეადგინა.

ცნობისთვის: სახელმწიფო ჰოლდინგ “ყაზმუნაიგაზმა” მარტში განაცხადა, რომ SOCAR-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანის გავლით ბთჯ-ის მილსადენისთვის ყაზახური ნავთობის მიწოდების თანდათანობით გაზრდის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცულობა წელიწადში 1,5 მლნ ტონიდან 2,2 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ