მარნეულში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი „ერთობა“ გაიხსნა

მარნეულში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი „ერთობა“ ოფიციალურად გაიხსნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დარბაზი აღჭურვილია სპორტული ინვენტარით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

„აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ადგილობრივი გიორგი შუბითიძე გახლავთ, რომელმაც პროექტი საკუთარი სახსრებით განახორციელა.

სპორტკომპლექსში, წრეები ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა, მწვრთნელების შრომის ანაზღაურებას კი მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

გახსნის ცერემონიალს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, მოადგილეებთან, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. ასევე, გახსნის ცერემონიალში სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი მონაწილეობდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელებაში, რითაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო სექტორის კოორდინირებულ თანამშრომლობას.

კომპლექსში, ვარჯიშები ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, კრივში, კიკბოქსინგსა და მძლეოსნობაში უკვე მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.