რას წარმოადგენენ ამერიკული Concentrix და Atlantic Council, რომელთა საქართველოს ფილიალების მუშაობით საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა

თბილისში, “ვაკე-პლაზაში” მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ასევე, პოლიციამ ჩხრეკა Atlantic Council-ის ოფისში ჩაატარა.

რას წარმოადგენს Concentrix Georgia-ს მშობელი კომპანია, Concentrix და ორგანიზაცია, Atlantic Counci, რომელთა საქართველოს ფილიალების საქმიანობით საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა?

Concentrix Corporation ამერიკული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც ბიზნესპროცესების აუთსორსინგს ეწევა.

აუთსორსინგი ბიზნესისთვის საჭირო მომსახურების გარე წყაროდან მიღებაა.

Concentrix Corporation-ის სათაო ოფისი კალიფორნიის ქალაქ ნიუარკში მდებარეობს. ის 2006 წლიდან SYNNEX Corporation-ის შვილობილი კომპანია იყო, ხოლო 2020 წლის 1-ელ დეკემბერს დამოუკიდებელი საჯარო კომპანია გახდა.

წელს Concentrix-ის დებიუტი Fortune 500-ის რეიტინგში შედგა, რომელშიც #499-ე ადგილი დაიკავა.

Concentrix 1969 წელს დაარსდა, ხოლო მისი მემკვიდრეობა 1973 წლიდან არის მიჩნეული. კომპანია მრავალჯერადი შესყიდვების გზით იზარდებოდა, ხოლო 2006 წლიდან მოყოლებული მას რვა კომპანია შეუერთდა. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი შესყიდვა, რომელიც IBM Worldwide Customer Care Services Business-სა (იგივე, IBM Daksh-სა) და Minacs Group Pte.-ს მოიცავს.

2018 წლის 28 ივნისს Convergys Corporation-მა და Synnex-მა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, SYNNEX 2,43 მლრდ დოლარის კომბინირებული აქციებითა და ნაღდი ფულით Convergys-ს ყიდულობდა და მას Concentrix-თან აერთიანრბდა. 2018 წლის 5 ოქტომბერს Convergys Corporation-მა და Synnex-მა განაცხადეს, რომ შერწყმა დაასრულეს.

2022 წლის მაისში Concentrix-მა გამოაცხადა, რომ მიაღწია საბოლოო შეთანხმებას ამერიკულ კომპანია ServiceSource International-ის შესაძენად, რომელიც სამომხმარებლო B2B-გამოცდილების სექტორში ტექნოლოგიებითა და გადაწყვეტილებებით იყო სპეციალიზებული. გარიგების ღირებულებამ 131 მლნ დოლარი შეადგინა.

2023 წლის 29 მარტს Concentrix-მა 4,8 მლრდ დოლარის ღირებულების გარიგების ფარგლებში Concentrix-ისა და Webhelp-ის შეძენა და შერწყმა გამოაცხადა. გაერთიანებული კომპანიის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 9,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. 2023 წლის სექტემბერში ევროკომისიამ აღნიშნული შესყიდვა კომპანიათა შერწყმის შესახებ ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად დაამტკიცა.

რაც შეეხება Atlantic Council-ს (“ატლანტიკური საბჭო”), ეს ამერიკული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც 1961 წელს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეშ დაარსდა. Atlantic Council შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპას შორის თანამშრომლობის წახალისების მიზნით შეიქმნა. გასული საუკუნნის 60-იან წლებში საბჭო, ძირითადად, ეკონომიკურ, კერძოდ, NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაზრდის საკითხებს ეხებოდა. იმ პერიოდში ორგანიზაცია ატლანტიკის ორივე მხარის პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ერთგვარ „არაფორმალური შეხვედრების ცენტრად“ იქცა.

ამჟამად Atlantic Council წარმოადგენს ფორუმს პოლიტიკური, ბიზნესისა და ინტელექტუალური საერთაშორისო ლიდერებისთვის. საბჭო ათ რეგიონულ ცენტრსა და ფუნქციურ პროგრამებს მართავს, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოებასთან და გლობალურ ეკონომიკასთან არის დაკავშრებული.

Atlantic Council-ის სათაო ოფისი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მდებარეობს. საბჭო ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციის წევრია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ