„არ ვიცით, რა გველოდება, მოვახერხებთ თუ არა ევროპაში ინტეგრაციის გზის გაგრძელებას“, - ამის შესახებ კომპანია „დიოს“ დირექტორმა და დამფუძნებელი თამაზ დაუშვილმა კითხვის - რა არის დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა, საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ის bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანა რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს ევროპასთან ინტეგრაციის გზას, შესაბამისად, მომავალ პარლამენტს ურჩევს, რომ ამისთვის ყველაფერი გაკეთოს.
„მთავარი გამოწვევა ბიზნესისთვის და მთელი ქვეყნისთვის არის ის, რომ გაურკვეველი მოლოდინები გვაქვს. არ ვიცით, რა გველოდება, მოვახერხებთ თუ არა ევროპაში ინტეგრაციის გზის გაგრძელებას. ბუნებრივია, ეს ბევრ კითხვის ნიშანს სვამს. ამიტომ, მთავარ საკითხი არის ეს, რაც გვაღელვებს, რადგან ქვეყნის კურსთან არის დაკავშირებული.
პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანა საით მიდის, ამიტომ, ახლა, ესაა მთავარი, მით უფრო, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტაა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, მომავალ პარლამენტს ვურჩევ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ყველა იმ პრობლემური საკითხის მოგვარება, რაც ბოლო პერიოდში დაგროვდა აშშ-სთან, ევროკავშირთან და აღდგეს აქტიური ურთიერთობები მათთან.
ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უნდა შესრულდეს ყველა ის მოთხოვნა, რაც დათქმულია, რათა ჩვენი ქვეყანა, რაც შეიძლება მალე მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდამდე. ეს არის მთავარ ამოცანა და პრინციპში, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. ახლა ყველასთვის მთავარი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციის იმ გზას, რომელზეც მანამდე იდგა“,- ამბობს თამაზ დაუშვილი.