„ექსპერტიზის პასუხს ველოდებით“ - ასე უპასუხეს „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
არადა, მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლების წინ უნდა დასრულებულიყო. თავდაპირველად, სამუშაოები სადგურზე 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოებს კომპანია „ყვარელმშენი“ ახორციელებდა“. სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2018 წლის იანვარში, მეტრო „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა.
მოგვიანებით ადგილზე რეაბილიტაციის პროცესის განხორციელება შპს „მამისონს“ დაევალა, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება 2022 წელს შეწყდა. იმავე წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს „ბადა კონსთრაქშენთან“ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა.
„ბადა კონსთრაქშენს“ სამუშაოები 18 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა. პროექტის ღირებულება 13.8 მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა, მიმდინარე წლის მარტში თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ საჭირო გახდა დამატებითი კვლევებისა ჩატარება. უფრო კონკრეტულად, ჭერის გახსნის და ძველი დაფარვის მოხსნის შემდეგ, მეტროსადგურის თაღს ექსპერტიზა უტარდებოდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა „ვარკეთილის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის დასრულდება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განგვიცხადეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან კორექტირებული სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რის შედეგადაც სამუშაოების დასრულების ვადა დაზუსტდება.
„მეტროსადგურის „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო ვადა დაზუსტება მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მივიღებთ კორექტირებული სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის პასუხს. აღნიშნული ექსპერტიზის საკითხმა ხელშეკრულების პირობების ცვლილება რამდენიმეჯერ განაპირობა“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 11 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემაც განაცხადა, რომ „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაციის ვადებთან დაკავშირებით „გარკვეული ჩამორჩენაა“. აქვე კალაძე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ვადებზე ჩამორჩენისა, მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია „ძალიან მალე დასრულდებოდა“.