„ამას მე 2 წლის წინ, ყოველდღიურად, ვეუბნებოდი სამინისტროს, რომ არასწორი იყო DRG სისტემის ამ დრომდე არსებული ფორმით დანერგვა, რადგან გამოიწვევდა კლინიკების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაგდებას, პაციენტების უკმაყოფილებას და ასევე შავი ბაზრის გაჩენას“,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ჯანდაცვის სისტემაში თანაგადახდის მექანიზმის შემოტანასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, DRG სისტემის ძველი მეთოდი ფინანსურად აზარალებდა როგორც კლინიკებს, ისე პაციენტებს. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან არასწორმა მიდგომამ გააჩინა „შავი ბაზარი და კონვერტში ჩადებული თანხა“.
„მაშინ, რატომღაც, არავინ დამიჯერა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასეთი ფორმა არ ივარგებდა, დღეს ამტკიცებს, რომ თურმე, კარგი ყოფილა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, როცა პაციენტებს არ ჰქონდათ უფლება VIP სამედიცინო სერვისებით სარგებლობის პარალელურად, ყოფილიყვნენ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. სამინისტროს პოზიცია იყო, რომ ებრძოდნენ ე.წ. ფულის გამოძალვას და დიაგნოზების გართულებას.
მათ დანერგეს DRG და განსაზღვრეს თანხა 1121 ლარი, რომელშიც აყვანილი ექიმის თანხაც შედიოდა და ეს იყო 100 ლარი. მეან-გინეკოლოგი 100 ლარად პასუხისმგებელი იყო 2 ადამიანზე და არ იმას ჰქონდა მნიშვნელობა ის დღისით იმუშავებდა თუ ღამით, ჩვეულებრივ სამუშაო თუ დასვენების ან ახალი წლის დღეებში. ამით რა თქმა უნდა, ვერ მოსპეს აყვანილი ექიმის სისტემა. პირიქით, გაჩნდა შავი ბაზარი, გაჩნდა კონსულტაციები, რომელშიც პაციენტი იხდიდა იგივე თანხას, რასაც აყვანილ ექიმში, გაჩნდა ასევე კონვერტში ჩადებული თანხები.
რაც შეეხება პროთეზირებას, მენჯ-ბარძაყის პროთეზი, რომელსაც სახელმწიფო პაციენტებს სთავაზობს, არის ძალიან უხარისხო. ეს ხომ მანქანის ნაწილი არ არის, რომ რამდენჯერმე გამოცვალო. პაციენტს, რომელსაც სურდა უფრო ხარისხიანი პროთეზის შეძენა და დაფინანსებაზე თანხის დამატება, ამის უფლება არ ჰქონდა. ის უნდა ამოწერილიყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან და უკეთესი პროთეზის შესაძენად მთლიანი თანხა თავად უნდა გადაეხადა. ამიტომ ეს იყო იმდენად არასწორი, როგორ გითხრათ, ბოლშევიკურ-კომუნისტური გადაწყვეტილება, რომ მე მაშინვე ვამბობდი, რომ გამოიწვევდა პრობლემებს როგორც კლინიკებში, ისე პაციენტებში“,- აღნიშნა ვატო სურგულაძემ.
ის ახალ გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს და განმარტავს, რომ თანაგადახდა აქამდეც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.
„კლინიკები გადიოდნენ ზარალზე. მათ ორი ვარიანტი ჰქონდათ, ან კოტრდებოდნენ ან უნდა ჩაედინათ არა მთლად კანონიერი რაღაცები. სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ ამით პაციენტისგან ფულის გამოძალვის შემთხვევებს მოსპობდა. გამოძალვა კი არც არასდროს ყოფილა. ეს იყო არჩევანი. თუ პაციენტს სჭირდებოდა და სურდა უფრო კარგი სამედიცინო მომსახურება ან მასალა, ის ამაში დამატებით იხდიდა თანხას.
სწორედ სახელმწიფოს არასწორი მიდგომის გამო, ბევრმა კლინიკამ უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ყოფნაზე, ბევრი კი ზარალზე წავიდა. ახლა ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი საარჩევნო ფანდია, თუ რა არის, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია. აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამარ გაბუნია მიმტკიცებდა, რომ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ“,- აღნიშნა ვატო სურგულაძემ.
როგორც მან განმარტა, DGR სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება ფასების ინდექსაციის საკითხი, რადგან სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, ინფლაციის მიუხედავად, ფასების გადახედვა არ მომხდარა.
ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას.