არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება, შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების ეკონომიკური დაპირებების აქტუალობა პიკს აღწევს. არიან ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პარტიებს იდეოლოგიის გამო ირჩევენ, მაგრამ ნაწილისთვის, მათი პროგრამის ეკონომიკური ნაწილია უფრო მნიშვნელოვანია.
კონკრეტულად, ვინ რას გვპირდება და რამდენად დამაჯერებელია საარჩევნო სუბიექტების პროგრამები, „ჯეოქეისის“ ეკონომიური მიმართულების მკვლევარმა გურამ ბააკაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა საარჩევნო პროგრამების ეკონომიკური ანალიზი სწორედ აღნიშნულმა ორგანიზაციამ გააკეთა.
ამ შემთხვევაში, მკვლევარმა „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დაპირებები შეაფასა.
ვინ რას გვპირდება?
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“
„ლელოს“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი საკმაოდ მოცულობითია, დაახლოებით, 70-გვერდიანია. თუმცა, რამდენიმე საკვანძო საკუთხია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიას განეკუთვნება, სამუშოა ადგილები, საინვესტიციო ხედვა და 1000-ლარიანი პენსია.
„რა თქმა უნდა, დაპირება ძალია საინტერესოა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში უმუშევრობის დონე 16.6%-ა, რაც დაახლოებით შეადგენს 261 ათას ადამიანს. შესაბამისად, 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რა თქმა უნდა, მიმზიდველად გამოიყურება. თუმცა, არ არის აღწერილი დროითი მაჩვენებლები, არ ვიცით, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას რა დრო უნდა მოანდომოს. მეორე, არ ვიცით, კონკრეტული ინდიკატორი რის მიხედვითაც პარტია უნდა მივიდეს იქამდე, რომ 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას“- აღნიშნავს „ჯეოქეისის“ მკვლევარი.
„პირველი, რაზეც პარტია საუბრობს, ეს არის, რომ კორუფციის აღმოფხვრით, განავითაროს საპენსიო ფონდი. კორუფციის აღმოფხვრის ინდექსით, საქართველოს ასეთი რადიკალური პროგრესი არ გააჩნია, თუმცა, ის პროგრესი, რაც ჰქონდა, ყოველწლიურად ნარჩუნდება. მიუხედავად გამოწვევებისა, დადებითად ფასდება და კორუფციის აღმოფხვრის ინდექსის კუთხით, საქართველო რეგიონში მოწინავეა. ამასთან, პარტია ეხება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, აქ მოჰყავს ორი საკმაოდ საინტერესო მიმართულება, ერთი არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მეორე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯების შეკვეცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წლიური ბიუჯეტი არის 106 მლნ. ეკონომიკაში ვინც ერკვევა, შეკვეცა ვიცით, მაქსიმუმ 20-30%-ანი, მაგრამ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტში, 50%-ით რომ შეკვეცით, მივიღებთ დაახლოებით, 50 მლნ წლიურ გამოთავისუფლებულ ხარჯს, რაც 0.5%-იც არ არის, თვიურ მაჩვენებელზე რომ გავანაწილოთ. იმიტომ, რომ 1000-ლარიანი პენსიის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის თვიური ბიუჯეტი 838 მლნ ლარი უნდა იყოს.
ამასთან, პარტია ეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შეკვეცას და მეორე მხრივ, იდენტიფიცირებს 6 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს საკუთარ პროგრამაში, ანუ, შეუსაბამობაში მოდის 6 მსხვილ ინფრასტრუქტურული პროექტი და სამინისტროს ბიუჯეტის შეკვეცა. ამასთან, ეხება აზარტული თამაშების კიდევ უფრო მეტად დაბეგვრას. მაშინ, როდესაც დღეს 15 %-მდე არის გაზრდილი მოგების გადასახადი, სულ რომ კიდევ 10%-იც დაემატოს გამოდის, 140 მლნ ლარის იქნება ის სხვაობა, რომელიც თვეებზე თუ გადანაწილდა, ასევე ძალიან დაბალ მაჩვენებელს იძლევა, საიმისოდ, რომ 1000 ლარიან პენსიაზე რამე სახის გავლენა მოახდინოს“.
„ლელო“ საუბრობს 6 მლრდ-იანი ინვესტიციის მოზიდვაზე, საიდანაც 3 მლრდ დოლარი უნდა განაწილდეს გრანტების გაცემაზე, ინოვაციების ხელშეწყობაზე და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაზე. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაქსიმალური ნიშნული იყო 2.4 მლრდ აშშ დოლარი. ამასთან, გლობალურად 2%-ით არის შემცირებული და 6%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აზიის რეგიონში, განვითარებად ქვეყნებში, შესაბამისად, 6 მლრდ-იანი ინვესტიციის მოზიდვა, ამ ეკონომიკური მდგომარეობს ფონზე, საკმაოდ ამბიციურ და დაუჯერებელ ფაქტორს წარმოადგენს“,- ამბობს მკვლევარი.
„გახარია საქართველოსთვის“
„გახარიას შემთხვევაში, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისა, აღსანიშნავია, რომ მათი პროგრამა არის დაბალანსებულ და ისინი არ ეხებიან ისეთ „პოპულარულ“ დაპირებებს, რომელიც მარკეტინგულად ძალიან კარგად ჟღერს. შესაბამისად, საკმაოდ ნეიტრალური პროგრამით არის წარმოდგენილი. ეხება ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, ანუ აღიარებს იმ ეკონომიკურ მიმართულებებს, რომელიც საქართველოს გააჩნია და შესაბამისად, აიდენტიფიცირებს ხედვებს, როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის ტრანსფორმაცია სხვადასხვა მიმართულებებში. თუმცა, გახარიას პროგრამაში ნაკლებობა არის იმ კონკრეტული პროგრამების და მაჩვენებლების (რიცხვების), რომელიც დღეს ჭარბობს წინასაარჩევნოდ. ერთის მხრივ, ეს შეიძლება ქმნიდეს დეფიციტს შეფასების ნაწილში“- აღნიშნა გურამ ბააკაშვილმა.
„ქართული ოცნება“
„მმართველ პარტიას ყოველთვის გააჩნია დიდი უპირატესობა, იმიტომ, რომ ის ფლობს, მიმდინარე ეკონომიკურ აქტივებს, ის არის წამყვანი ფიგურა იმ ეკონომიკური პროცესების, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, შესაბამისად, მისი დაყრდნობა და გეგმების საფუძველი ყოველთვის გამომდინარეობს, იმ კონკრეტული მაჩვენებლებისა და კონკრეტული მიმართულების აღიარებიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, ერთადერთი, რაც ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ მმართველი გუნდის პროგრამაში და დაპირებებში იკითხება ორი ძირითადი მიმართულება, პირველი, რომ რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება ეკონომიკური ზრდა, მაგრამ გადაჭარბებით რომ მოხდება ამ ყველაფრის შესრულება, ეს შესაძლოა, უფრო მეტად დავის საგანი იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული რომ ქვეყანამ შეძლოს და სავალუტო ფონდის მიერ ნავარაუდებ ზრდასთან მიმართებით, მეტი ზრდა აჩვენოს.
ამ ყველაფრისთვის საჭიროა რეგიონში იყოს სიმშვიდე, პოლიტიკური სტაბილურობა და ა.შ ბევრი ფაქტორის ერთობლიობა. ჩვენ დღეს ამ ყველაფრის დეფიციტი გვაქვს, რეგიონში სიმშვიდე არ არის და ასევე, პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით, კითხვის ნიშნებია, არჩევნების შემდგომ როგორ განვითარდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ იმ 7.5%-ან ზრდასთან, რომელიც სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკას უწინასწარმეტყველა, არის ერთი ჩანართი, რომ 7.5%-ანი ზრდის პარალელურად მნიშვნელოვანია სწორედ ეს სტაბილურობა და ამის მაჩვენებლად მოყვანილი ჰყავს ეს არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართა და პოსტ საარჩევნო პერიოდი. რამდენად სტაბილურად შეძლებს ქვეყანა ეკონომიკურ განვითარებას. „ქართულ ოცნების“ პროგრამაში ასევე ინფრასტრუქტურაზე იყო ძალიან დიდი აქცენტები და იმ პროექტების დასრულებაზე, რომელიც მიმდინარეობს. ასევე, სოფლის მეურნეობაზე... რომ შევაჯამოთ, არსებობს დაპირება რომელიც ნაკლებად შეიძლება მიღწევადი იყოს, თუმცა მათი მიმდინარე ეკონომიკური ზრდისა და კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზის ნაზავით აქვთ გამოყვანილი საკუთარი დაპირებები, კონკრეტულად ეკონომიკური ნაწილი“,- ამბობს გურამ ბააკაშვილი.
ორგანიზაციამ ასევე გამოაქვეყნა პუბლიკაცია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას“ საარჩევნო დაპირებების შესახებ.
როგორც „ჯეოქეისის“ მკვლევარები აღნიშნავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პარტიის ლიდერები, საკმაოდ აქტიურად პოზიციონირებენ, მათი წინასაარჩევნო პროგრამა არსად არ იძებნება. თუმცა, ანალიზის გამოქვეყნებიდან მალევე, პარტიამ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარადგინა.
კერძოდ,„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ საუბრობს, გადასახედების შემცირებაზე, საშემოსავლო გადასახადის დაწევაზე 15%-მდე, მცირე ბიზნესისთვის, რომელიც ბრუნვით 400 ათას ლარზე ქვემოთ არის, დღგ გაუქმებაზე და ასევე, მოგების გადასახადის შემცირებაზე 5%-ით. პარტიის გათვლებით, ეს შეეხება 75% ბიზნესს. ამასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ გეგმავს მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის გაორმაგებას.
თუმცა, კონკრეტული პროგრამა, „ჯეოქეისის“ ანალიზის გარეშე დარჩა.
ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ საარჩევნო პროგრამაში გამოყოფილია 5 ძირითადი პრიორიტეტი. კერძოდ: კი ევროპას, შემოსავლების ზრდა, პენსიონერების დაცვა, ძლიერ ოჯახი, ფასების მაფიის დასრულება.
კონკრეტულად, შემოსავლების ნაწილში, პარტიას გაწერილი აქვს „მაღალშემოსავლიანი, სტაბილური სამუშაო ადგილები - საშუალო ხელფასი 3 500 ლარი, მინიმალური ხელფასი 1 500 ლარი; 300-ლარიანი საბაზისო დანამატი სოფლად მცხოვრებთა და დევნილებისთვის; გარანტირებული საპენსიო დანაზოგი ემიგრანტებისთვის, მიხეილ სააკაშვილის ფონდი - 1 მილიარდი ევრო ემიგრანტების დასაბრუნებლად.
„როდესაც კონკრეტული პარტია საუბრობს საშუალო ხელფასის ზრდაზე, აუცილებელია, რომ თან ახლდეს მიზნის მიღწევის სტრატეგიები, რომელიც უნდა იყოს დროში გაწერილი, ამასთან ერთად უნდა ექვემდებარებოდეს ეკონომიკური განვითარების გონივრულ პრინციპებს. შესაბამისად, დროში გაწერილი სტრატეგიის და ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე, მსგავსი სახის პრიორიტეტების დასახვა, წარმოადგენს საკმაოდ ზოგად დოკუმენტს“, -აღნიშნავს „ჯეოქეისი“.