მოგზაურობის დაჯავშნის სერვის Omio-მ მსოფლიოს საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტების 2024 წლის რეიტინგი შეადგინა.
სიის სათავეში შვეიცარიული აროზა ლენცერჰაიდეა, რომელიც ტურისტებს, მთლიანობაში, 225-კილომეტრიან სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასას და 40-ზე მეტ საბაგიროს სთავაზობს. ზრდასრული პირებისთვის დღის სათხილამურო აბონემენტის ღირებულება 92,28 ევროს შეადგენს.
მეორე და მესამე ადგილები ავსტრიის კურორტებმა, ზელდენმა და SkiWelt-ვილდერ კაიზერ/ბრიკსენტალმა დაიკავეს, სადაც ზრდასრულ ტურისტებს სათხილამურო ტრასების დღიური აბონემენტი, შესაბამისად, 72,60 ევრო და 68,62 ევრო უჯდებათ.
აღსანიშნავია, რომ ტოპ 10-ეულის კურორტებიდან, 7 ავსტრიაშია.
ზოგადად, რეიტინგის პირველ 20-ეულში შვეიცარიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტებია, სადაც ფასები არც თუ ისე ხელმისაწვდომია. კერძოდ, ზრდასრულებისთვის ყოველდღიური სათხილამურო ბილეთების (სკიპასების) ღირებულება 60 ევროზე ქვემოთ იშვიათად ეცემა.
ყველაზე იაფი სათხილამურო და სნოუბორდ-კურორტები სლოვაკეთის ბახლედოვა, ეზერსკო და ფრანკოვა, ხოლო საფრანგეთში სენტ-ფუა-ტარანტეზია, რომლებიც რეიტინგში, შესაბამისად, მე-200 და 156-ე ადგილებს იკავებენ. ზრდასრულთათვის დღიური ფასი 34,81 ევროა.
მესამე ყველაზე იაფი კურორტი ჩეხეთის შპიცაკია, სადაც თხილამურებით სრიალი დღეში 36,07 ევრო ღირს.
არაევროპულ მიმართულებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კანადის სამთო-სათხილამურო კურორტ მარმოტ ბეისინ/ჯასპერმა მოიპოვა, რომელიც 38-ე ადგილზეა, კურორტზე ყოველდღიური სათხილამურო აბონემენტი 86,20 ევრო ღირს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ