საპარლამენტო არჩევნების კვირაში ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ტენდენცია აჩვენა. მიმდინარე კვირაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია 2-ჯერ განახორციელა. გაყიდული დოლარის მოცულობამ 100 000 000 შეადგინა.
21 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლართან მიმართებით ლარი 0.50 თეთრით გაუფასურდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9509 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.9457 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.52 თეთრით გაუფასურდა.
22 ოქტომბერს ლარმა გაუფასურება განაგრძო. კურსის ცვლილებამ 0.55 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7262 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით 0.05 თეთრით გამყარდა და გაცვლითი კურსი 2.9514 ლარზე დადგინდა.
23 ოქტომბერს კურსის რყევის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი დოლართან მიმართებით 1.05 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9273 ლარზე დაფიქსირდა. ლარი მასთან მიმართებით 2.41 თეთრით გამყარდა.
24 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.17 თეთრით გაუფასურდა.
ევროს კურსი 2.9356 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა მასთან მიმართებით 0.83 თეთრით გაუფასურდა.
25 ოქტომბერს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარის გაუფასურების მაჩვენებელი 0.24 თეთრი იყო.
ევროს ახალი კურსი 2.9442 ლარზე დადგინდა. მასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.86 თეთრით გაუფასურდა.
იმავე დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა, რის შედეგადაც საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა.
საბოლოო ჯამში, საპარლამენტო არჩევნების კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი 0.15 თეთრით გამყარდა.
ინფორმაციისთვის, ოქტომბერში ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციების მოცულობამ ჯამში $213.4 მილიონი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.