რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 21%-მდე გაზარდა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 200 საბაზისო პუნქტით, 21%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის „მიმდინარე ინფლაციური მოლოდინი კვლავ იზრდება“.

„შიდა მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვნად აჭარბებს საქონლისა და მომსახურების მიწოდების გაფართოების შესაძლებლობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დამატებითმა საბიუჯეტო ხარჯებმა და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა მზარდი გავლენა იქონია ინფლაციაზე.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ბოლოს 13 სექტემბერს, პოლიტიკის განაკვეთი 100 საბაზისო პუნქტით 19%-მდე გაზარდა. მაშინ, როცა რუსეთში ინფლაციის დონე 9%-ია, რუსეთის ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ამ მაჩვენებლის 4%-მდე შემცირებას.

ნათია ზარიძე